Jump to content
Planeta.Ge

სერბეთის არმიაში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა


სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის მთავარსარდალმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, კოსოვოსთან საზღვარზე დაძაბულობის გამო, შეიარაღებულ ძალებსა და შსს-ს ქვედანაყოფებში გამოაცხადა უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა.

თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა 26 დეკემბერს, ღამით განაცხადა, რომ პრეზიდენტის ბრძანებით, არმია გადადის მოქმედების ყველაზე მაღალ დონეზე სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და ქვეყნის ყველა მოქალაქის დასაცავად და სერბების წინააღმდეგ ტერორის აღსაკვეთად, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. ვუჩევიჩის თქმით, პანიკის მიზეზი არ არსებობს, თუმცა არის შეშფოთების საფუძველი. თავდაცვის მინისტრის თანახმად, როგორც ჩანს, სერბეთი ერთადერთია, ვინც დაინტერესებულია პოლიტიკური შეთანხმებით, მეორე მხარე კი, მუდმივად დგამს ცალმხრივ ნაბიჯებს ესკალაციისკენ.

სიტუაციის ესკალაციაში სერბეთს ადანაშაულებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს ხელისუფლება. სერბული მედიის ცნობით, საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა კოსოვოს არმიაშიც.

ბელგრადსა და პრიშტინას შორის კონფლიქტი გამწვავდა 2022 წლის ივლისიდან, როცა კოსოვოს მთავრობამ გადაწყვიტა სერბეთიდან საზღვრის გადასაკვეთად დროებითი დოკუმენტების ამოქმედება და კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებ სერბებს მოსთხოვა ავტომანქანების სერბული სანომრე ნიშნების ადგილობრივით შეცვლა. პროტესტის ნიშნად სერბებმა ბარიკადები აღმართეს, რის შემდეგაც კოსოვოს ხელისუფლებამ ახალი წესების ამოქმედება გადადო. ნოემბრის ბოლოს, ევროკავშირის შუამავლობით, ბრიუსელში გაიმართა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის მოლაპარაკება, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. კოსოვოს ჩრდილოეთში ვითარება ისევ დაიძაბა დეკემბრის შუა რიცხვებიდან.

 

კოსოვოელი ალბანელების მიერ სერბებთან 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გამოცხადებული დამოუკიდებლობა 2008 წლიდან აღიარებული აქვს მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს და აშშ-ს. სერბეთი კოსოვოს ისევ თავის ავტონომიურ ოლქად თვლის.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...