Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 16 დასახლებულ პუნქტთან


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 5 და დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან, რომელიც დონბასში ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 1 საავიაციო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის ცნობითვე, მოწინააღმდეგე ცეცხლსასროლი იარაღით, არტილერიითა და ტანკებით უტევდა სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და დონეცკის ოლქების დასახლებულ პუნქტებს.

უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 5 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 9 მართვის პუნქტი და პირადი შემადგენლობის თავმოყრის 2 რაიონი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...