Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - არცერთ „კამიკაძე“ დრონს არ ძალუძს შობის განთიადის ჩაქრობა - ჩვენ დავინახავთ მის ნათებას მიწისქვეშაც კი ბომბების თავშესაფარში


სამწუხაროდ, წელს ყველა დღესასწაულს მწარე გემო აქვს - გავიხსენოთ რამდენი გავიარეთ, გავიხსენოთ აზოვსტალი, ირპინი, ბუჩა, კრამატორსკი, კუნძული ზმეინი, ჩორნობაივკა, იზიუმი, ხერსონი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, წელს ყველა დღესასწაულს მწარე გემო აქვს. შეიძლება სხვაგვარად ვიგრძნოთ შობის ტრადიციული სული. საოჯახო სუფრაზე ვახშამი შეიძლება ისეთი გემრიელი და თბილი არ იყოს, ირგვლივ შეიძლება ცარიელი სკამები იყოს. ჩვენი სახლები და ქუჩები შეიძლება არ იყოს ისეთი ნათელი და საშობაო ზარები შეიძლება არც ისე ხმამაღლა და შთამაგონებლად დაირეკოს საჰაერო განგაშის ხმის, ან კიდევ უფრო უარესი - სროლებისა და აფეთქებების გამო“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ბოროტების იარაღი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ღვთისგან ბოძებული ჯავშანი.

„ბოროტებას არ აქვს იმაზე ძლიერი იარაღი, ვიდრე ღვთის მიერ ბოძებული ჯავშანია. ბოროტება უტევს ამ ჯავშანს, როგორც ქვის კედელს. ეს არაერთხელ გვინახავს. ომის დასაწყისში გავუძელით. გადავიტანეთ თავდასხმები, მუქარები, ბირთვული შანტაჟი, ტერორი, სარაკეტო დარტყმები. მოდით, გავუძლოთ ამ ზამთარს, რადგან ვიცით რისთვის ვიბრძვით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სჯერა, რომ ცრემლებს სიხარული ჩაანაცვლებს, სასოწარკვეთილებას - იმედი და სიკვდილს სიცოცხლე დაამარცხებს.

„დღეს და ყველა მომავალ ზამთრის არდადეგებს რთულ ვითარებაში ვხვდებით. დღეს ვიღაც იხილავს ცაში პირველ ვარსკვლავს ბახმუტის, რუბიჟნოესა და კრემინას თავზე. ვიღაც მას საკუთარი სახლის ნატყვიარიდან დაინახავს. ვიღაც სხვისი სახლებიდან, იმ ადამიანების სახლებიდან, რომლებმაც თავშესაფარი მისცეს უკრაინელებს. ვიღაც Shchedryk-ს სხვა ენაზე მოისმენს - ვარშავაში, ბერლინში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ტორონტოში და ბევრ სხვა ქალაქსა და ქვეყანაში, ვიღაც ტყვეობაში შეხვდება შობას, მაგრამ ახსოვდეს ყველა უკრაინელ კაცსა და ქალს, რომ დავუბრუნებთ თავისუფლებას “, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელების ბრძოლა შეუჩერებლად გაგრძელდება და მას ელექტროენერგიის მსგავსად ავარიული გამორთვა არ ემუქრება.

„გავიხსენოთ რამდენი გავიარეთ. გავიხსენოთ აზოვსტალი, ირპინი, ბუჩა, კრამატორსკი, კუნძული ზმეინი, ჩორნობაივკა, იზიუმი, ხერსონი. არც ერთ „კამიკაძე“ დრონს არ ძალუძს შობის განთიადის ჩაქრობა. ჩვენ დავინახავთ მის ნათებას მიწისქვეშაც კი ბომბების თავშესაფარში. გულებს სითბოთი და შუქით ავივსებთ. ვერცერთი „კინჟალის“ რაკეტა ვერ დააზიანებს მას. ჩვენი ბრძოლა შეუჩერებლად გაგრძელდება. მას არ ემუქრება დაგეგმილი ან ავარიული გამორთვა“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინელებმა ბევრი მწარე ამბავი განიცადეს და დამსახურებულად მიიღებენ სასიხარულო ამბებს.

„ჩვენ ვიმღერებთ საშობაო სიმღერებს - უფრო მხიარულად, ვიდრე ოდესმე - უფრო ხმამაღლა, ვიდრე გენერატორის ხმაა. ტოტალურ სიბნელეშიც კი, ვიპოვით ერთმანეთს იმისთვის, რომ მაგრად ჩავეხუტოთ და თუ გათბობა არ იქნება, ერთმანეთს ჩახუტებით გავათბობთ. აღვნიშნავთ ჩვენს დღესასწაულებს, როგორც ყოველთვის, გავიღიმებთ და ბედნიერები ვიქნებით, როგორც ყოველთვის. განსხვავება ერთია. ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...