არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა - რუსი ბლოგერები კახეთის ციხესიმაგრეში გადაღებული ვიდეოსთვის ბოდიშს იხდიან
რუსი ბლოგერები და მუსიკოსები რომან კონოგრაი და რაილ არსლანოვი საჯარო ბოდიშს იხდიან კახეთში ნიახურის ციხეში გადაღებული ვიდეოსთვის.
"ბოდიშს გიხდით მომხდარის გამო, ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა", - ასეთი სათაურით სოციალურ ქსელ Youtube-ში მათ მიმართვა გაავრცელეს.
მანამდე კონოგრაი და არსლანოვი 15 დეკემბერს გამოჩნდნენ სოციალურ ქსელ ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში, ნიახურის ციხეშია გადაღებულია. ვიდეოში ჩანს, რომ რაილ არსლანოვი ციხის შესასვლელ კარს ფეხს ურტყამს, რომან კონოგრაი კი კარის მეორე მხარეს დგას.
19 დეკემბერს Youtube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კონოგრაი, ბოდიშის მოხდის გარდა, ჰყვება, როგორ მოხვდა მეგობართან ერთად ნიახურის ციხეში და რა დახვდათ ადგილზე.
„მეგობრებო, მე თქვენი შეურაცხყოფა მართლა არ მინდოდა, მაპატიეთ თუ შეიძლება. ეს იყო შეცდომა! შევეცდები აგიხსნათ, როგორ მოხდა. ვიღაც ამბობს, რომ ჩვენ დავამტვრიეთ კარები. ჩვენ არაფერი დაგვიმტვრევია. მივდიოდით კახეთში, ვიდეორგოლების გადასაღებად. გზაზე არის ეს ციხესიმაგრე. გადაღების იდეა მოგვივიდა. როცა მივედით, დავინახეთ, რომ შიგნით ცუდი ატმოსფერო იყო. იქ იყო ცხოველების ფეკალიები, საქონელი. კოშკებს იყენებენ ტუალეტად. ადგილი მიტოვებულს ჰგავდა. კარები იყო ჩამოგდებული და კედელზე მიყუდებული. მე ეს კარები დავაყენე თავის ჭრილში, არ იყო არაფრით მიმაგრებული. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ვიცინით იმიტომ, რომ მან (არსლანოვმა) ჩემ მიმართ იხუმრა. მე როგორც მივხვდი, მას საქართველოს ან ვინმეს შეურაცხყოფა არ სდომებია“, - ამბობს რომან კონოგრაი ვიდეომიმართვაში.
ქართველებს ბოდიშს უხდის რაილ არსლანოვიც.
"რა თქმა უნდა, ეს არ იყო იმისთვის, რომ შეურაცხყოფა მიგვეყენებინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისათვის. ეს იყო სულელური თამაში, რომლის დროსაც მე უნდა დამეკაკუნებინა კარებზე, მაგრამ ბოლო მომენტში მე გადავწყვიტე, კარს ფეხით მივწოლოდი, რომ მეორე მხარეს მყოფ რომანს გასჭირვებოდა კარის შეკავება. კარი, რომელიც არ იყო დამაგრებული, არ გვეგონა, რომ წარმოადგენდა ისტორიულ ღირსშესანიშნაობას, რადგან ის საერთოდ ახალი იყო. ყველამ იცის, რომ მე დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი ყველა ხალხის და კულტურის მიმართ. ბევრს ვმოგზაურობ და ვიღებ სხვადასხვა გადაცემებს სხვადასხვა ხალხის და კულტურის შესახებ. ვასრულებ სხვადასხვა ერის მუსიკალურ ნაწარმოებებს. ჩვენ გავხდით მსხვერპლი იმ საინფორმაციო საშუალებების, რომლებიც სიმართლეს ამახინჯებენ. სანამ დასკვნას გააკეთებდეთ, გთხოვთ, შეისწავლოთ სიტუაცია. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდით ამ ფაქტის გამო“, - ამბობს ვიდეომიმართვაში რაილ არსლანოვი.
ნიახურის ციხის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე 2 პრიმა მუხლით, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე ვერ ეუბნებიან, გამოჰკითხეს თუ არა პირები, რომლებიც ვიდეოში ჩანან.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შს სამინისტრომ ამ საკითხზე გამოჰკითხა საგარეჯოს მერიის თანამშრომლები, რომლებმაც ძეგლი ადგილზე დაათვალიერეს. საგარეჯოს მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.
ნიახურის ციხეს, რომელიც XVI-XVIII საუკუნის ძეგლია, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული
სამსართულიანი ციხე საგარეჯოში საავტომობილო გზასთან ახლოს, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.