სამი უმნიშვნელოვანესი საკითხი - სახალხო დამცველის, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა - ჩავარდა დღეს ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციისა და ოცნების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილის გამო, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რეალურად ეს ყველაფერი არის ერთი დიდი სცენარის ნაწილი, სცენარის, რასაც 2024 წლის არჩევნების გაყალბება და ოცნების მიერ ძალაუფლების შენარჩუნება ჰქვია.
"ოცნება ამ ყველაფერს აკეთებს წინასაახალწლოდ და სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ზუსტაც ისე, როგორც 2021 წლის დეკემბერში გააკეთა - მაშინაც მთავარ თემად აქცია სააკაშვილი და ნაცმოძრაობა და წინასაახალწლოდ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მოსამართლეებს შეუზღუდა გამოხატვის თავისუფლება.
მომდევნო არჩევნები პირდაპირ კავშირშია საქართველოს ევროპულ მომავალთან, რაც შეუთავსებელია ოცნების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესთან და ეს შესანიშნავად იცის ოცნებამ.
ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ:
ქვეყანაში არ არსებობდეს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც დარღვევებზე ხმას ამოიღებს - ოცნებისადმი ლოიალურმა სახალხო დამცველმა არჩევნები საოცნებოდ შეაფასოს!
დასუსტდეს ნდობა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ - არჩევნები ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდეს!
პატარა პარტიებს გაურიგდნენ (ზოგთან მიზანი უკვე მიღწეულია) და შექმნან მართვადი კოალიცია!
ყურადღება ძირითადი საკითხიდან მუდმივად გადაიტანონ ნაცმოძრაობაზე (გორბის კვლევა ოცნების სურვილებს ადასტურებს - ძირითად ოპოზიციად ისევ ნაცმოძრაობა უნდათ)!
ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რამდენად საჭიროა ძალთა დაბალანსება და ოცნების ძალაუფლების შეზღუდვა, რათა ქვეყანამ იფუნქციონიროს. რამდენად საჭიროა თანმიმდევრული ოპოზიცია, რომელიც ოცნებას მიზანმიმართულად თუ გაუცნობიერებლად მიზნების მიღწევაში არ ეხმარება.
სააკაშვილს რაც შეეხება, დღეს მხოლოდ ერთს ვიტყვი - რაც ახლა ხდება, ძალიან აზიანებს ქვეყანას და თავისუფლებააღკვეთილი ადამიანის მდგომარეობაზე ხელისუფლება და მხოლოდ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. დანარჩენი ბევრჯერ მაქვს ნათქვამი (იხ. თუნდაც გუშინდელი ეთერი ტვ პირველზე).", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.