ირაკლი კობახიძე - კეთილი ინებონ და შემოგვთავაზონ ისეთი კანდიდატების მხარდაჭერა, რომლებიც მისაღები იქნება, პირველ რიგში, ამომრჩევლისთვის, აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ორგანულად მიუღებელი არიან
ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც მისაღები იქნება, მათ შორის ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის. კეთილი ინებონ და შემოგვთავაზონ ისეთი კანდიდატების მხარდაჭერა, რომლებიც მისაღები იქნება, პირველ რიგში, ჩვენი ამომრჩევლისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვით მიმართეს, „ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა სამოქალაქო საზოგადოებისგან წარმოდგენილ სახალხო დამცველობის კანდიდატებს. როგორ შეაფასებდით მათ განცხადებას“.
ირაკლი კობახიძის თქმით, აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ამომრჩევლისთვის ორგანულად მიუღებელი არიან.
„მათ მხარი დაუჭირეს სამ კანდიდატს. როგორც ჩანს, ესენი იყვნენ აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი. აქედან ჯანეზაშვილმა ვერც კი გაბედა გასაუბრებაზე მისვლა. შეგახსენებთ, იგივე ჯანეზაშვილს ათი ქულა დაუწერეს კომპეტენციაში. ადამიანი, რომელიც ვერანაირ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს კომპეტენციის ნაწილში, იღებს ათ ქულას, რა ფასი უნდა ჰქონდეს ასეთ დასკვნას. ბუნებრივია, ნულოვანი ფასი აქვს, როდესაც ასეთი კანდიდატი კომპეტენციაში იღებს ათ ქულას. რაც შეეხებათ აბაშიძეს და ბურჯანაძეს, აბაშიძემ, მაგალითად, იგივე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უწოდა არაკომპოსტირებადი ნარჩენი. როდესაც ასეთი განცხადების შემდეგ მხარს უჭერ კანდიდატს, გამოდის, რომ მართლა არაკომპოსტირებადი ნარჩენი ხარ და ამას ჩვენ ვერ დავუშვებდით. ამიტომ გამორიცხულია, აბაშიძისთვის ღირსეულ დეპუტატს მხარი დაეჭირა. რაც შეეხება ბურჯანაძეს, შეგახსენებთ, ის მოწოდებებს ავრცელებდა მესამე აქციაზე გამოსვლასთან დაკავშირებით. მესამე აქცია იყო მთლიანად პოლიტიზებული, მიზნად ისახავდა წალეკვას, მთავრობის გადაყენებას. როდესაც სახალხო დამცველის მოადგილე პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ აქციებში, კეთილსინდისიერებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ჩვენ უკან დგას მილიონი ამომრჩეველი. ამ მილიონი ამომრჩევლის და კიდევ უფრო მეტისთვის ეს ადამიანები, ტიპაჟები, აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ორგანულად მიუღებელი არიან. ჩვენ ხომ, პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩეველს უნდა ვცეთ პატივი, მილიონ ამომრჩეველს, რომლისთვისაც ორგანულად მიუღებელია ის ტიპაჟი, რომელსაც განასახიერებს აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ან რომელიმე სხვა. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც იქნება მისაღები, მათ შორის ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის. კეთილი ინებონ და შემოგვთავაზონ ისეთი კანდიდატების მხარდაჭერა, რომლებიც მისაღები იქნება, პირველ რიგში, ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის. ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ნებისმიერი კანდიდატის მხარდაჭერაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, გააგრძელებენ კონსულტაციებს, რათა სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე კონსენსუსს მიაღწიონ. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.
„კონსენსუსის პრინციპია, რომ კანდიდატი ორივე მხარისთვის იყოს მისაღები. კონსენსუსი არ არის, როდესაც ოპოზიციას სურს ვიღაც და შენ გინდა თუ არა, მხარი უნდა დაუჭირო. კონსენსუსი ნიშნავს, რომ კანდიდატი ორივე მხარისთვის თანაბრად არის მისაღები. შესაბამისად, გავაგრძელებთ კონსულტაციებს. იმედია, კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება თებერვლისთვის. იანვარში გვაქვს დრო, კიდევ ერთი თვე და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კონსენსუსი იყოს მიღწეული. ეს არ იქნება მარტივი, იქნება რთული, მაგრამ ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა სახალხო დამცველის არჩევაზე კონსენსუსი მოვახერხოთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.