Jump to content
Planeta.Ge

ზელენსკი: აშშ-ის Patriot-ის სისტემა უმნიშვნელოვანესი იქნება უკრაინის თავდაცვისთვის


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ხმელეთი-ჰაერის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის შექმნაში.

"ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შევძლებთ ამ ტერორისტულ სახელმწიფოს [რუსეთს] ჩამოვართვათ ტერორის მთავარი ინსტრუმენტი - შესაძლებლობა დარტყმები განახორციელოს ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს ენერგიაზე", - განაცხადა ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთთან "სამართლიანი მშვიდობა" ტოლფასი იქნება კომპრომისების არდაშვებისა უკრაინის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა იზიარებს იმავე ხედვას "თავისუფალი, დამოუკიდებელი, კეთილდღეობის და უსაფრთხოების მქონე უკრაინის" შესახებ.

ბაიდენის თქმით, როცა ზელენსკი მზად იქნება მოსკოვთან მოლაპარაკებით მოგვარებისთვის, ის შეძლებს "წარმატების მიღწევასაც, რადგან მას უკვე მოგებული ექნება ბრძოლის ველზე".

პრესკონფერენციის გახსნისას ბაიდენმა ზელენსკის მიმართა: ბატონო პრეზიდენტო, "ამერიკელი ხალხისთვის და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, პირდაპირ თქვენგან მოისმინონ უკრაინის ბრძოლის და 2023 წლის განმავლობაში კვლავაც ერთად დგომის საჭიროების შესახებ".

ბაიდენმა ისაუბრა დახმარებაზე, რომელიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში აღმოუჩინეს, ახალ პაკეტზე, რომელიც 1.85 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. ბაიდენის თქმით, Patriot-ის ტიპის სისტემა უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება, თუმცა მისი გამოყენებისთვის წვრთნას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, Patriot-ის სისტემა ემსახურება თავდაცვით და არა ესკალაციის მიზნებს. ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დახმარება გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ბაიდენის თქმით, პუტინი "არ აპირებს ამ სასტიკი ომის გაჩერებას".

"სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე", - თქვა ბაიდენმა გამოსვლის ბოლოს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...