მეორე მსოფლიო ომის გახსენების ფონზე, ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს უთხრა, რომ დახმარება ქველმოქმედება არ არის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც თებერვალში თავის ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი ვიზიტით იმყოფება საზღვარგარეთ, ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესს 21 დეკემბერს უთხრა, რომ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა წარმოადგენს ინვესტიციას დემოკრატიაში და არა ქველმოქმედებას და გაიხსენა ამერიკელების მიერ გაწეული ძალისხმევა ნაცისტების დასამარცხებლად მეორე მსოფლიო ომში.
რუსეთთან ბრძოლაში თავისი ქვეყნისთვის აშშ-საგან დამატებითი მხარდაჭერის მოპოვების მოსურნე ზელენსკიმ, რომელსაც მისთვის უკვე ჩვეული, ხაკისფერი ტანსაცმელი ეცვა, კონგრესში მისვლამდე აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართა შეხვედრა თეთრ სახლში.
ბაიდენმა ამერიკელებს და მსოფლიოს მოუწოდა, გააგრძელონ კიევის მხარდაჭერა 2023 წელს, როცა დახმარებისთვის კონგრესის თანხმობა უფრო რთული მოსაპოვებელი იქნება.
აშშ-მა კიევისთვის 50 მილიარდ დოლარამდე ოდენობის დახმარება გამოყო, იმ ფონზე, როცა გრძელდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის უდიდესი სახმელეთო კონფლიქტი, რომელსაც ემსხვერპლა ათიათასობით ადამიანი, მილიონობით პირმა სახლ-კარი დატოვა, ქალაქები დაინგრა და დაიწვა.
თუმცა რესპუბლიკელთა ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს თანხის ოდენობაზე. რესპუბლიკელები დემოკრატებისგან 3 იანვარს გადაიბარებენ წარმომადგენელთა პალატის კონტროლს და არსებობს შიში, რომ ისინი მომავალი თვიდან შეაკავებენ სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილ მილიარდობით დოლარს.
"თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით", - უთხრა ზელენსკიმ აშშ-ის სენატის და წარმომადგენელთა პალატის გაერთიანებულ სხდომას ინგლისურ ენაზე.
მან ასევე თქვა, რომ მსოფლიო ძალიანაა ურთიერთდაკავშირებული და რომელიმე ქვეყანა ცალკე ვერ გადგება და თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს.
გამოსვლის ბოლოს ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებს გადასცა უკრაინის დროშა ბრძოლის ველიდან, რომელიც, მისი თქმით, მას ბახმუტში მისცეს მებრძოლებმა. ზელენსკი ბახმუტში იმყოფებოდა აშშ-ში გაფრენამდე ერთი დღით ადრე.
კონგრესის წევრები ზელენსკის ფეხზე წამოდგომით, ოვაციებით და ხელის ჩამორთმევით ესალმებოდნენ, რამდენიმე მათგანს უკრაინის დროშის ფერების, ლურჯი და ყვითელი სამოსი ეცვა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ფრანკლინ დელანო რუზველტის (რომელიც თანამდებობაზე 1933-დან 1945 წლამდე იყო) და ევროპის ნაცისტების ოკუპაციისგან გათავისუფლების ძალისხმევის გახსენებით, ზელენსკიმ მიმართა ამერიკელებს, რომლებიც შობის დღესასწაულზე ოჯახებთან ერთად შეიკრიბებიან.
"როგორც გულადი ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებმაც სიცოცხლე დათმეს და 1944 წლის შობაზე ჰიტლერის ძალებს შეებრძოლნენ, გულადი უკრაინელი ჯარისკაცები იმავეს აკეთებენ... წლევანდელ შობაზე", - თქვა ზელენსკიმ.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით გამოყოფს 1.85 მილიარდ დოლარს, მათ შორის მაღალტექნოლოგიურ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს უკეთ მოიგერიოს რუსეთის დარტყმები.
ზელენსკიმ ბევრჯერ მოუწოდა დასავლეთს უკრაინისთვის უფრო მაღალი ტექნოლოგიის იარაღის, მათ შორის თანამედროვე საბრძოლო ტანკებისა და ანტისარაკეტო სისტემების მიწოდებისკენ, თუმცა დასავლელი მოკავშირეები ამ მოწოდებას სიფრთხილით ეკიდებოდნენ, რადგან არ სურდათ რუსეთთან კონფლიქტის გაფართოების მცირე რისკის დაშვებაც კი.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.