გამოცემა The Economist-ი უკრაინას ასახელებს წლის სახელმწიფოდ
ბრიტანეთში გამომავალმა ჟურნალმა The Economist-მა წლის სახელმწიფოდ უკრაინა დაასახელა.
"ჩვენი 2022 წლის ქვეყანა მხოლოდ უკრაინა შეიძლება იყოს, მისი ხალხის ჰეროიზმისთვის, მჩაგვრელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის", - წერს გამოცემა.
"ჩვეულებრივ დროს The Economist-ის წლის სახელმწიფოს არჩევა რთულია. ჩვენი ავტორები და რედაქტორები, როგორც წესი, იწყებენ თავისუფალ დებატებს, რომლის დროსაც ისინი კამათობენ მოკლე სიაში მოხვედრილი ექვსიოდე ქვეყნის შესახებ. მაგრამ წელს, პირველად მას შემდეგ, რაც 2013 წელს ჩვენ წლის სახელმწიფოს დასახელება დავიწყეთ, არჩევანი მკაფიოა - ეს მხოლოდ უკრაინა შეიძლება იყოს.
ეს საპატიო ტიტული, როგორც წესი, ენიჭება ხოლმე ქვეყანას, რომელიც, ჩვენი პერსპექტივით, ბოლო 12 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაუმჯობესდა. ამ ჭრილში უკრაინა უჩვეულო არჩევანია, რადგან ცხოვრება უკრაინელთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვნად გაუარესდა მას მერე, რაც თებერვალში მათ ქვეყანაში ვლადიმირ პუტინი პროვოცირების გარეშე შეიჭრა. დაიღუპა უამრავი ადამიანი. დაინგრა და დაიწვა ქალაქები. მილიონობით ადამიანმა სახლ-კარი დატოვა. უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით მესამედით შემცირდა. რუსეთის თავდასხმების გამო ბევრი უკრაინელი სიბნელეში კანკალებს. და მაინც, უკრაინელებმა წელს საკუთარი თავი გამოავლინეს", - წერს გამოცემა.
2021 წლის სახელმწიფოდ გამოცემამ იტალია დაასახელა - კორონავირუსის პანდემიის ფონზე გატარებული გონივრული პოლიტიკის და შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების შერბილების გამო. 2019 წელს კი წლის ქვეყანა იყო უზბეკეთი - გამოცემის ავტორები წერდნენ, რომ ქვეყანაში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პრეზიდენტ შავკატ მირზოევის რეფორმების შედეგად.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.