პასუხისგებაში მისცეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც "ფორმულის" ჟურნალისტს მანქანა დააჯახა
პასუხისგებაში მისცეს რუსეთის ის მოქალაქე, რომელმაც 9 ნოემბერს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს ტელეკომპანია "ფორმულის" ჟურნალისტს ავტომობილი დააჯახა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.
შემთხვევის ამსახველი კადრების გადაღება შეძლო ამ ჟურნალისტთან ერთად მყოფმა ოპერატორმა. კადრები, რომლებიც თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, "რიკო კრედიტთან" არის გადაღებული, გავიდა ტელეარხის ეთერშიც.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და მოიპოვა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, 2022 წლის 20 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მიმართ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო", - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.
საქმეზე სასამართლოს მიმართა საქართველოს პროკურატურამ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რას ითხოვენ აღკვეთის ღონისძიებად ჟურნალისტზე ძალადობაში ბრალდებული კაცის მიმართ.
12 ნოემბერს "ფორმულის" ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით "ფულის გათეთრების რუსული სქემა და საქართველო, როგორც სავალუტო ჯიხური". სიუჟეტის მოსამზადებლად ჟურნალისტი დავით ქურდაძე ვალუტის გადამცვლელ ერთ-ერთ ჯიხურთან იყო მისული და აკვირდებოდა, როგორ ცვლიდნენ რუბლში მიღებულ გზავნილს ევროში ან დოლარში.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.