კახა კალაძე - ვაკის პარკში, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის ტერიტორიის ადგილმონაცვლეობის ღირებულება 2 800 000 აშშ დოლარია
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სანაცვლოდ, კომპანიას 2 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა, დაახლოებით, სამი მლნ აშშ დოლარით ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რაც კომპანიის მხრიდან თავიდან იყო მოთხოვნილი.
„ვაკის პარკში წლების წინ გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. პირველად, 2013 წელს, როდესაც გიგი უგულავა გახდა დედაქალაქი მერი, გასცა ზონალური შეთანხმება ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის შესახებ. ბევრი ადამიანი აპროტესტებდა აღნიშნულ ფაქტს. ამ ხნის განმავლობაში, ამ საკითხზე ვმუშაობდით. დღეს მონაცვლეობა განხორციელებულია. პირველად შემოთავაზებული საკომპენსაციო ოდენობა 5 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი გახლდათ. ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო. ნაკვეთის ღირებულება, რომელსაც ამ კომპანიას საკომპენსაციოდ გადავცემთ, არის 2 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი, რაც თავიდან მოთხოვნილ თანხაზე, დაახლოებით, 3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა საკუთარ მოადგილეს, ანდრია ბასილაიას აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება დაავალა.
„მინდა, დავავალო ანდრია ბასილაიას, რომ აღნიშნული ტერიტორია მოწესრიგდეს. ვიცი, რომ აქ კატლავანია ამოღებული, ღობეებია მოწყობილი. გააკეთეთ პროექტი და წარვუდგინოთ საზოგადოებას, რა სახით დაუბრუნდება ეს სივრცე ვაკის პარკს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.