Jump to content
Planeta.Ge

ოლეგ ნიკოლენკო - უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას


საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა, ომში თბილისის ჩართვის მიზნით უკრაინის სპეცოპერაცია იყო - უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკო „ფეისბუქზე“ წერს.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემით, რათა ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს.

„რა სახის ინსინუაციებს აღარ ავრცელებს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად.უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. ამასთან, ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს”, - აცხადებს ნიკოლენკო.

უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს და დააკმაყოფილოს სასჯელის გადავადების მოთხოვნა. „ვიმეორებთ მოწოდებას უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრო ლუბინეცის მიხეილ სააკაშვილთან წვდომის უზრუნველსაყოფად. ასევე მოგიწოდებთ უკრაინის მოქალაქეს გაუწიოთ სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოთ სასჯელის გადავადების მოთხოვნა შემდგომი მკურნალობისთვის უკრაინის, დასავლეთ ევროპის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის მიზნით”, - წერს ნიკოლენკო.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნა სპეცოპერაცია იყო, სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი საქართველოს ომში ჩართვა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...