Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ გაზის ფასის ზედა ზღვრის შემოღებაზე


ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები ორშაბათს, 19 დეკემბერს, შეთანხმდნენ, რომ შემოღებულ იქნას გაზის ფასის ზედა ზღვარი. შეზღუდვები 15 თებერვლიდან ამოქმედდება, თუ TTF-ში (ნიდერლანდის უდიდესი ვირტუალური სავაჭრო პუნქტი) გაზის ღირებულება სამი დღის განმავლობაში 180 ევროს გადააჭარბებს.

შეზღუდვის შემოღებამდე ევროკავშირის წევრები რამდენიმე კვირის განმავლობაში მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, თუ როგორ გამკლავებოდნენ ევროპაში ენერგეტიკულ კრიზისს.

წინა ორ შეხვედრაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

კერძოდ, გერმანია სკეპტიკურად უყურებდა ახალ ზომას - როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს გაზის უდიდესი ბაზარი რეგიონში, წერს BBC-ის რუსული სამსახური. მას მხარს უჭერდნენ ნიდერლანდი, ავსტრია და უნგრეთი.

„გერმანიაში არავინ არის გაზის დაბალი ფასების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ კეთილმა განზრახვამ ზიანამდე არ მიგვიყვანოს", - თქვა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა.

შედეგად მიღებული ზღვარი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ევროკომისიის თავდაპირველი წინადადება, როცა ის მეგავატ/სთ-ზე 275 ევროს მოითხოვდა ზედა ზღვრის სახით.

მოსკოვში ევროკავშირის გადაწყვეტილებას "საბაზრო პროცესების ხელყოფა" უწოდეს, წერს "ინტერფაქსი". კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი საპასუხო ზომებს მიმართავს.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ხოლო, მაგალითად, პოლონეთმა, ბულგარეთმა, ფინეთმა, ნიდერლანდმა, დანიამ თვითონ თქვეს უარი რუსულ გაზზე.

2022 წლის დეკემბრის დასაწყისში „დიდი შვიდიანის“ (G7-ის) ქვეყნები და ავსტრალია შეთანხმდნენ საზღვაო გზით გადატანილი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე - 60 დოლარზე. ზღვრულ ფასზე ასეთივე შეზღუდვა ევროკავშირის ქვეყნებმა დააწესეს.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...