სახალხო დამცველის აპარატი - მოვუწოდებთ ყველას, არ დაუშვან ოჯახის წევრების, მათ შორის, არასრულწლოვნების ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება, მოვუწოდებთ პარლამენტს, აამოქმედოს ეთიკის საბჭო
ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერ პოლიტიკურ დისკურსში არასრულწლოვანთა ოჯახური კუთვნილების თუ სხვა ნიშნით გამორჩევა, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის, გამოიწვიოს ბავშვებს შორის შესაძლო ჩაგვრის წახალისებაც კი, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს ყველას, მათ შორის პარლამენტარებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, არ დაუშვან ერთმანეთის ოჯახის წევრების, მათ შორის არასრულწლოვანთა ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, დარღვევების შესწავლის, მონიტორინგისა და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, აამოქმედოს ეთიკის საბჭო.
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმიანება ბოლო დროს, პოლიტიკური ოპონირებისას გაკეთებულ მიმართვებს, რასაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში და ასევე, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებებსა და ინტერესებს.
გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ ბავშვები არიან უფლებების მატარებელი დამოუკიდებელი ინდივიდები და არა პასიური ობიექტები. ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერ პოლიტიკურ დისკურსში არასრულწლოვანთა ოჯახური კუთვნილების თუ სხვა ნიშნით გამორჩევა, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის გამოიწვიოს ბავშვებს შორის შესაძლო ჩაგვრის წახალისებაც კი.
თითოეულ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით, პარლამენტის თითოეულ წევრს, საკუთარი მანდატის ფარგლებში, აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული, არაძალადობრივი გარემოს შექმნას.
პოლიტიკური დისკუსიის წარმართვისას მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის პარლამენტარებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, არ დაუშვან ერთმანეთის ოჯახის წევრების, მათ შორის არასრულწლოვანთა ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება და თავად უპირატესად იყვნენ თითოეული ბავშვის უფლებების დაცვის გარანტი.
დამატებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დარღვევების შესწავლის, მონიტორინგისა და აღნიშნულზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, აამოქმედოს ეთიკის საბჭო“, – ნათქვამია განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.