ბრიტანეთის დაზვერვა: "ვაგნერი" დაქირავებული პატიმრების მიმართ "სასტიკ ტაქტიკას" იყენებს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“, რომელიც ჩართულია უკრაინის ქალაქ ბახმუტის გარშემო გაჭიანურებულ ბრძოლაში, შეიმუშავა საპატიმროებში დაქირავებული, ცუდად მომზადებული მებრძოლების მართვის ტაქტიკა.
კერძოდ, მათ აძლევენ სმარტფონებს ან პლანშეტებს, რომლებზეც თანამგზავრულ რუკაზე მითითებულია მიმართულება და შეტევაზე უშვებენ ხშირად ჯავშანტექნიკის მხარდაჭერის გარეშე, „ვაგნერის“ მეთაურები კი, თავშესაფრებში სხედან და დრონების მეშვეობით აკონტროლებენ იმას, რომ დაქირავებულებმა მითითებულ კურსს არ გადაუხვიონ. მათ, ვინც წინასწარ განსაზღვრულ გეზს ნებართვის გარეშე შეიცვლის, სიკვდილით დასჯა ემუქრება.
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, „ვაგნერის“ ეს "სასტიკი ტაქტიკა" მიზნად ისახავს ისედაც დეფიციტური, გამოცდილი მეთაურების და ჯავშანმანქანების შენარჩუნებას საპატიმროებში დაქირავებულთა ხარჯზე. მათ "სახარჯ მასალად" მიიჩნევენ.
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის რეგულარულ ჯარებთან ერთად ჩართულია კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი". წლების განმავლობაში, არაერთი მედიასაშუალება, მათ შორის ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით წერდა, რომ "ვაგნერის" მფლობელია პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული, მის "პირად მზარეულად" წოდებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი. თავად პრიგოჟინმა საჯაროდ 2022 წლის 26 სექტემბერს აღიარა, რომ "ვაგნერის" დამაარსებელი და დამფინანსებელია. პრიგოჟინი პირადად ჩართულია უკრაინაში საომრად პატიმართა დაქირავების პროცესში.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.