Jump to content
Planeta.Ge

მოლდოვაში ექვს სატელევიზიო არხს ლიცენზია შეუჩერეს


მოლდოვაში ექვს სატელევიზიო არხს ლიცენზია შეუჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი„ ავრცელებს. როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, აღნიშნული ტელეკომპანიები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და „საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობდნენ“.

სამაუწყებლო ლიცენზია შეუჩერდა შემდეგ ტელეარხებს: „პირველი მოლდოვაში“, „რტრ მოლდოვა“, „აქცენტ ტვ“, „ენ-ტე-ვე მოლდოვა“, „ტვ6“, „ორჰეი ტვ“. ინფორმაციის თანახმად, ამ ტელეარხებიდან ოთხი რეგულარულად ახდენდა რუსული ტელევიზიების ეთერის რეტრანსლაციას.

საპასუხოდ „ტვ6“-ის ხელმძღვანელობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ტელეარხს ლიცენზია „უსაფუძვლოდ შეუჩერეს“. ტელეკომპანიაში მომხდარს „გამოხატვის თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა“ უწოდეს.

რუსეთის საგარეო უწყებაში მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილება „ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შელახვად შეაფასეს“.

„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, იმ არხების ნაწილი, რომელთაც მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერეს, პრორუსული პარტია „შორის“ ლიდერის, ილან შორის ახლო მოკავშირეების მფლობელობაშია. ამ პარტიამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კიშინიოვში არაერთი საპროტესტო აქცია მოაწყო.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხდა, რომ ტელეკომპანიებისთვის ლიცენზიების შეჩერება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყანაში დესტაბილიზაციის აღსაკვეთად.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში, ქვეყნის უსაფრთხოებას და მოქალაქეთა მშვიდობიან ცხოვრებას დაემუქრონ მოლდოვიდან გაქცეული პირები, რომელთა ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, დაუსხლტნენ ხელიდან მართლმსაჯულებას“, – განაცხადა სანდუმ.

„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, ილან შორი მოლდოვის ბანკებიდან მილიარდი ევროს უკანონო მითვისების საქმეში ფიგურირებს. გასულ კვირას დიდმა ბრიტანეთმა ილან შორის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...