კახეთში საბავშვო ბაღის 15-მდე შენობა დემონტაჟს ექვემდებარება - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა
კახეთის რეგიონში, საბჭოთა კავშირის დროს აშენებული საბავშვო ბაღების ნაწილი ინგრევა, ზოგი კი თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მათი დემონტაჟია საჭირო. ამის შესახებ წერია დასკვნებში, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ მუნიციპალიტეტების და კვეთით მოამზადა.
ლაგოდეხის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 2022 წელს ექსპერტიზის ბიუროს საბავშვო ბაღის ოთხი შენობის მდგრადობის შემოწმება დაავალა. დასკვნის თანახმად, ოთხივე შემთხვევაში ბაღები დემონტაჟს საჭიროებს.
ლაგოდეხში სოფელ ბაღდადის საბავშვო ბაღი ერთ-ერთია, სადაც ბავშვების აღზრდისთვის უკვე წლებია არახელსაყრელი პირობებია. ამ ბაღში 26 აღსაზრდელი ირიცხება.
„კედლები მყარია, მაგრამ ჭერი და იატაკია დაზიანებული, სახურავიდან წყალი ჩამოდის. ექსპერტიზის დასკვნით, დემონტაჟს ექვემდებარება, მაგრამ არ უთქვამთ, რომ მუშაობა შეაჩერეთო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბაღის მენეჯერმა ქეთევან ბრეგვაძემ.
ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ლაგოდეხში დემონტაჟს ექვემდებარება სოფლების, შრომის, გვიმრიანისა და ჩადუნიანის საბავშვო ბაღებიც, სადაც 100-ზე მეტი აღსაზრდელი ირიცხება.
რადიო თავისუფლება ლაგოდეხის მერს ჯონდო მდივნიშვილს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რატომ მიმდინარეობს სააღმზრდელო პროცესი იმ ბაღებში, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით, დემონტაჟს საჭიროებს.
„დემონტაჟს შეიძლება ექვემდებარება იმის გამო, რომ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მე როგორც ვიცი, იქ ბავშვების ყოფნა არ არის საფრთხის შემცველი“, - თქვა მდივნიშვილმა.
ლაგოდეხის მერი ამბობს, რომ ახალი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, 2023 წლიდან, რამდენიმე ეტაპად, ქვეყნის მასშტაბით 900-მდე ბაღის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც მილიარდ სამასი მილიონი ლარი გამოიყოფა.
მერი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ამ პროგრამის ფარგლებში აშენდება ახალი ბაღები ლაგოდეხის სოფლებშიც.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, დემონტაჟს ექვემდებარება გურჯაანის მუნიციპალიტეტში შვიდი, ხოლო თელავში საბავშვო ბაღის სამი შენობა.
ლაგოდეხისგან განსხვავებით, თელავსა და გურჯაანის იმ ბაღებში, რომლებიც დემონტაჟს ექვემდებარება, სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია. აღსაზრდელები სხვა ბაღებში გადაანაწილეს.
გურჯაანის მერის ზურაბ უტიაშვილის თქმით, ახალი პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა გურჯაანშიც იგეგმება, თუმცა რამდენი საბავშვო ბაღი აშენდება, ჯერ არ არის დაზუსტებული.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.