ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
"სურსათისა და შიმშილის შემდეგ პუტინი ახლა ზამთარს იყენებს როგორც იარაღს, როდესაც მიზანმიმართულად ართმევს მილიონობით უკრაინელს წყალზე, ელექტროენერგიასა და გათბობაზე წვდომას. ევროკავშირი პასუხობს ამ ბოლო ესკალაციას და სამხედრო დანაშაულს ჩვენი მკაცრი სანქციების მეცხრე პაკეტით. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების მიმართვას ეკონომიკისა და მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს ამ სასტიკ ომს”, - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.
სასანქციო პაკეტს ახალი შეზღუდვები და საექსპორტო კონტროლის ზომები შემოაქვს ორმაგი დანიშნულების პროდუქტებსა და ტექნოლოგიებზე, ასევე პროდუქტებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ განვითარებას შეუწყონ ხელი.
კერძოდ, სანქციები დამატებით 168 სუბიექტს შეეხება, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან.
“ეს შეუძლებელს გახდის საკვანძო ქიმიკატებით, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებებით, ღამის ხედვისა და რადიონავიგაციის ხელსაწყოებით, ელექტრონიკითა და IT-კომპონენტებით თავისუფლად ვაჭრობას, რომლებიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნას რუსული სამხედრო მანქანის მიერ”, - წერია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
სიაში ასევე შეყვანილია რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელიც უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ან სევასტოპოლში მდებარეობს.
ევროკავშირმა ასევე გააფართოვა ექსპორტის აკრძალვა პროდუქტებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც დაკავშირებულია საავიაციო და კოსმოსურ მრეწველობებთან. ახალ სასანქციო პაკეტში საავიაციო ძრავები და მისი ნაწილებიც შედის.
აღნიშნული აკრძალვა როგორც პილოტირებად, ასევე უპილოტო საფრენ აპარატებზე გავრცელდება. ამიერიდან აკრძალული იქნება უპილოტო საფრენი აპარატებისთვის ძრავების ექსპორტი რუსეთში ან ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია რუსეთისთვის დრონების მიწოდება.
გარდა ამისა, ევროკავშირი კიდევ ორი რუსული ბანკის აქტივებს გაყინავს და დაამატებს “სრულიად რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკს” იმ ორგანიზაციათა სიაში, რომლის ოპერაციებზე სრული აკრძალვა გავრცელდება.
ევროკავშირის საბჭომ ასევე დაიწყო კიდევ ოთხი რუსული არხის სამაუწყებლო ლიცენზიის შეჩერების პროცესი: “НТВ”/”НТВ Мир”, “Россия 1”, “Рен ТВ” და “Первый канал”.
ასევე, ამიერიდან ევროკავშირის მოქალაქეებს აეკრძალებათ რუსეთის სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ორგანიზაციებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება წამყვან ორგანოებში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.