ბექა ლილუაშვილი - სანამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომას, "ქართულმა ოცნებამ" ისარგებლა და განიხილა 2 უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი - ჩატარებული და ჩასატარებელი არჩევნების შედეგების მოსაპარად
ამასობაში, სანამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომას, "ქართულმა ოცნებამ" ისარგებლა და განიხილა 2 უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, ორივე საარჩევნო კონტექსტის მქონე, ერთი - ჩატარებული არჩევნების შედეგების მოპარვისთვის, მეორე ჩასატარებელი არჩევნების მოპარვისთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.
მისი თქმით, თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, ოცნებამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, დაარღვია სახელისუფლებო ძალაუფლების დაბალანსების პრინციპი, შეცვალა მოქმედი პრინციპი, რომ ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს მიერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მერის პასუხისმგებლობის საკითხი გააუქმა, საკრებულოს დაუკარგა ლეგიტიმური უფლება, რომელსაც ის იყენებს ხალხის ინტერესების გათვალისწინებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაძლო ჭარბი გავლენის დაბალანსებისათვის.
"ამ კანონის პროექტის მომზადების პროცესშიც, არ იქნა გათვალისწინებული არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია, არ არსებობს მსგავსი საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითი. ოცნებამ უბრალოდ გააკეთა ის, რასაც აკეთებდნენ ნაცები 2012 წელს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. რამდენიმე საკრებულოში შექმნილი მათი გაგებით „პრობლემის“ გამო, იმის გამო, რომ საკრებულოს წევრები "1 ჩათის" პრინციპით, პარტიიდან არ იმართებიან, რადგან ხალხმა ოპოზიციას დაუჭირა მხარი - შეცვალეს კანონი, გააუქმეს ხალხის არჩევანი.
მეორე კანონი, ეს არის საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რაზეც პირდაპირ მიიღეს ეუთო ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ცვლილებების სათანადოდ არ განხორციელებაზე, რომ საჭიროა კოდექსის სისტემური ცვლილება, შესაბამისი შეფასებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. რადგან ასეთ ფრაგმენტული ცვლილებებით, იცვლება ჩანაწერები კანონში, მაგრამ ვერ სრულდება პრაქტიკაში - რასაც ადასტურებს ბოლო არჩევნების დამკვირვებელთა შეფასებებიც. ამავე კანონში არ იქნა გათვალისწინებული რეკომენდაციების ნაწილი, მათ შორის წარსულში გაცემული ისეთ რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ, პარტია „საქართველოსთვის“ თანაბარ პირობებში ჩაგვაყენებდა სხვა პარტიებთან. ამ რეკომენდაციაზე უარის თქმა, ეს არის ჩვენზე ორიენტირებული შეტევა, სხვა მიზეზი ამას არ აქვს.
ოცნება, როგორც ჩანს ყველა მხრიდან აგრძელებს შემდეგი არჩევნების შედეგების მოპარვას:
1) მომდევნო წლის ბიუჯეტით ასაქმებს და ხალხის ფულით აძლიერებს პარტ. აქტივს, ასევე სოციალურ სიდუხჭირეში ტოვებს მოქალაქეებს და მათ მდგომარეობას იყენებს მათი ლოიალობის შენარჩუნებისთვის.
2) ახორციელებს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს, რომელიც იქნება ცვლილებები მხოლოდ ცვლილებებისთვის - კანონზე, მაინც გამოიყენებს ყველა რესურსს, არჩევნებზე ზემოქმედებისთვის. ჩვენს შემთხვევაში გვაყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა აგრძელებს მიზანმიმართულ ზეწოლას ყველა ოპონენტის მიმართ.
3) იზღვევს თავს იმისგან, რომ საკრებულოებში ოპოზიციის წარმოდგენისა და ერთპარტიული ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაში, უპრობლემოდ გააგრძელებს მხოლოდ თავისი ინტერესების გატარებას ისევ ხალხის ფულით, ანუ ბიუჯეტით.
ამ დროს, დარბაზი თითქმის ცარიელია... მთავარი თემა მიშაა და ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის ბოიკოტირებაზე საუბრობს.
ამ მოცემულობას შეცვლის მხოლოდ ხალხი, ერთიანობით და არჩევნებზე ამ ხელისუფლებისთვის უარის თქმით. ხმის ამოღება, ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობის გააზრება და წინ ნაბიჯების გადადგმა საქართველოსთვის!", - წერს ბექა ლილუაშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.