ევროპარლამენტი - ვიმეორებთ მოწოდებას, სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკური პროცესების გაუარესებაზე - რეკომენდაციას ვუწევთ ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების სისტემურ გადაწყვეტას
ვიმეორებთ მოწოდებას ევროკავშირის საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მისამართით, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის პირადი სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც ხელს უწყობს და პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.
ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის მიერ მომზადებული შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტი „ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცალკეული ადამიანების პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, როგორც ევროპული კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა გადაიჭრას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.
„რეკომენდაციას უწევს პირადი ინტერესების, განსაკუთრებით ყოფილ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების საკითხის სისტემურ გადაწყვეტას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და რეგულატორული რეფორმების გატარების გზით“, - აღნიშნულია შესწორებაში.
აღნიშნულ შესწორებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 275-მა წევრმა, 212 წინააღმდეგ წავიდა, 132-მა კი თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ივანიშვილის შესახებ კიდევ ერთი შესწორება მოხვდა, რომელშიც ასევე საუბარია ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, გარკვეული დათქმით.
„[ევროპარლამენტი] შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მოქალაქეები და სუბიექტები, სავარაუდოდ, საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად იყენებენ. მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს ამ ბრალდებების შემდგომი გამოკვლევისკენ, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის შესწავლისკენ, სადაც ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებაა საუბარი. ამ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ითხოვს პირადი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი კომპანიების წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ უკრაინამ კრემლთან კავშირების გამო, სანქციები დაუწესა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის ახლო კომპანიონებს, რომლებიც რუსეთის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ორაზროვანი პოზიციის უკან დგანან; ამ მხრივ, მიესალმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მიღებას, რომელიც ახალი კრიტერიუმების ჩამონათვალს მოიცავს, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის ანგარიშში.
ამ შესწორებას დღევანდელ სესიაზე მხარი 275-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 212 ევროპარლამენტარი წავიდა. 132-მა კი თავი შეიკავა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.