ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ზელანდიის პარლამენტს ვირტუალურად მიმართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ზელანდიის პარლამენტს ვირტუალურად მიმართა.
როგორც მედია წერს, ზელენსკი ისტორიაში, მეორე უცხოელი ლიდერია, რომელსაც ახალი ზელანდიის პარლამენტისთვის ოდესმე მიუმართავს.
უცხო ქვეყნის მთავრობის ერთადერთი მეთაური, რომელმაც ახალი ზელანდიის პარლამენტს ზელენსკიმდე, 2011 წელს სიტყვით მიმართა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი იყო.
ზელენსკიმ ახალ ზელანდიას მოუწოდა, ხელი შეუწყოს მშვიდობას და გაერთიანდეს იმ 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის გარშემო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე წარადგინა.
უკრაინის ლიდერის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომისგან გამოწვეული გარემოსდაცვითი ზიანი, წლების განმავლობაში, მილიონობით ადამიანს შეეხება. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის თავდასხმებმა ოკეანეები დააბინძურა და დაზიანდა 7,4 მილიონი ჰექტარი ტყე.
ზელენსკის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ახალი ზელანდიის მთავრობამ პირობა დადო, რომ უკრაინას დამატებით 3 მილიონი ახალი ზელანდიური დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამასთან, ოფიციალური უელინგტონი სანქციებს დაუწესებს იმ ირანელ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთისთვის დრონების წარმოებასა და მიწოდებაში არიან ჩართულნი.
„უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა არ იყო განსაზღვრული გეოგრაფიით, ეს არ იყო განსაზღვრული ისტორიით ან დიპლომატიური კავშირებითა თუ ურთიერთობებით - ჩვენი მოსაზრება მარტივი იყო: ჩვენ საკუთარ თავს დავუსვით კითხვა „რა იქნებოდა უკრაინის ადგილზე ჩვენ რომ ვყოფილიყავით“ - განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.