Jump to content
Planeta.Ge

სვენ მიქსერი - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადი მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს, რაც პოლიტიკურ ძალებს განსხვავებების დაძლევის საშუალებას უნდა აძლევდეს


ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადი მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს. ეს კი უნდა აძლევდეს პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, დაძლიონ განსხვავებები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, სჯერა, რომ ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაცია იქნება საუკეთესო გზა საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად.

„პოტენციური კანდიდატი ქვეყნიდან, საქართველოდან შერეული სიგნალები მოდის, მაგრამ ვეცდები, დავიწყო პოზიტიურით. როგორც ასოცირებული ქვეყანა, საქართველო სარგებლობს ევროკავშირთან პრივილეგირებული პარტნიორობით და მჯერა, რომ ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაცია იქნება საუკეთესო გზა საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად და მისი ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ ქართველების ამბიციები არ მთავრდება მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს. ეს კი უნდა აძლევდეს პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, რომ დაძლიონ განსხვავებები“, – განაცხადა მიქსერმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი და ევროპარლამენტი აგრძელებენ მზადყოფნას, დახმარება გაუწიონ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების განხორციელების გზაზე.

ამასთან, როგორც მიქსერმა აღნიშნა, გასული თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გადადგეს სერიოზული ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილის საპასუხოდ, თუმცა მისივე თქმით, რეკომენდაციების ნაწილი ისევ ილუზიური ჩანს.

„ზოგიერთი მიმართულებით, წლების განმავლობაში, შთამბეჭდავი რეფორმები გატარდა. მაგალითად, მოხდა ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოება, თუმცა როცა მიდგება საქმე საქართველოს დემოკრატიული სტრუქტურის დემონსტრირებაზე, ვიწროპარტიული მოსაზრებები და პირადი ანტაგონიზმი ჯერ კიდევ უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ეროვნული მიზნები. ასეთი ტოქსიკური პოლიტიკური კულტურა დამაზიანებელია არა მხოლოდ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ევროკავშირი და ევროპარლამენტი აგრძელებენ მზადყოფნას, დახმარება გაუწიონ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების განხორციელების გზაზე. წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილი 12 რეკომენდაცია აღქმული უნდა იყოს, როგორც დახმარების ხელი და საქართველოს მთავრობამ ის საუკეთესოდ უნდა გამოიყენოს. გასული თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გადადგეს სერიოზული ნაბიჯები რეკომენდაციების ნაწილის საპასუხოდ, თუმცა რეკომენდაციების ნაწილი ისევ ილუზიური ჩანს: პოლიტიკის მიმართულებით, სადაც პროგრესია საჭირო, სასამართლო რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მედიათავისუფლების უზრუნველყოფა, ე.წ. ოლიგარქების გადაჭარბებული ინტერესების აღმოფხვრა, ასევე უმცირესობების უფლებების დაცვა. კომპლექსური რეფორმების სისტემური შესრულება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩართულია პროცესში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მიქსერის თქმით, ერთი კონკრეტული საქმე, რომელსაც ევროპარლამენტი ყურადღებით ადევნებდა თვალს, არის ახალი სახალხო დამცველის არჩევა.

„მინდა, კომენტარი გავაკეთო, თუ როგორ წარიმართა პროცესი აქამდე, თუმცა ასევე ხაზი უნდა გავუსვა, რომ საბოლოო შედეგი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პროცესი. მინდა, გავიხსენო ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ერთი განცხადება, რომელიც ნიკა გვარამიას საქმეს ეხება. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქმე არ პასუხობს კრიმინალური კანონის ფუნდამენტურ პრინციპებს. ასეთი განცხადება მიუთითებს რამდენიმე საკვანძო სფეროში არსებულ პრობლემებზე. ესენია: სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, ასევე დამოუკიდებელი სახალხო დამცველის საჭიროება“, – განაცხადა მიქსერმა.

ევროპარლამენტარი სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო.

„კიდევ ერთი ცნობილი საკითხი არის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბედი. ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება საკითხზე და კეთდებოდა მოწოდებები, რომ სააკაშვილს შეძლებოდა საზღვარგარეთ მკურნალობა. ბოლო შემაშფოთებელი ცნობების მიხედვით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ეს საკითხი ახლა უფრო მწვავეა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მემკვიდრეობის საკითხი აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი თემაა, ამიტომ, მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ განვიხილავთ მის გათავისუფლებას, როგორც წმინდა ჰუმანიტარულ საკითხს და ჩვენი მიზანი არ არის ამ საქმის სამართლებრივი ან პოლიტიკური შეფასება“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.

 


ავტორი - თამთა რუხაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...