ირაკლი ზარქუა - ფოტიგების, კუბილიუსების და ასეთების რეზოლუცია ჩემთვის არის ნული, ისინი ფასიანი ლობისტები არიან - ამ ადამიანებისგან ნუ ელოდებით საქართველოს მხარდაჭერას, მათი ამოცანაა „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მხარდაჭერა
გუშინ არგენტინა ხორვატიას თამაში იყო და არ მეცალა, ვერ მივადევნე თვალი [ევროპარლამენტს], თუმცა, იქ, სადაც ფოტიგა და კუბილიუსი იქნებოდა, წარმომიდგენია, რა იქნებოდა -კუბილიუსი სააკაშვილის ფანკლუბის წევრია, ფოტიგა დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოში შედის ქალბატონი რაისა და დანარჩენები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებსა და ასოცირების შესრულების ანგარიშში შეტანილ შესწორებებს.
ზარქუას ასევე ჰკითხეს სვენ მიქსერთან დაკავშირებით, რომელიც "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიის წარმომადგენელია ევროპარლამენტში და სწორედ სვენ მიქსერის მიერ არის მომზადებული ანგარიში, სადაც კომპრომისული შესწორებები შევიდა, თუმცა, ზარქუამ სვენ მიქსერზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანა ფოტიგა, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე „ფასიანი ლობისტები“ არიან, ხოლო ევროპარლამენტში პროცესები გამჭვირვალე არ არის და „იქაც აქვთ გამოწვევები“.
„ბოდიში, ვერ მოვუსმინე, რადგან გუშინ მნიშვნელოვანი თამაში იყო და ვულოცავ არგენტინას ფინალში გასვლას. ვინც დაინახა რეფორმები, რასაც საქართველო ატარებს და ამაზე თუ იყო საუბარი, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები, მაგრამ იქ სადაც იყვნენ ფოტიგები, კუბილიუსები, კიდე ქალბატონ რაისას ვეძახი, ამისთვის არ მიყურებია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელოვანი თამაში იყო, თუმცა, ზუსტად ვიცი, იქ რაზე იქნებოდა საუბარი. გვარები ვინც დაგისახელეთ ევროპარლამენტიდან, ჩვეულებრივი ფასიანი ლობისტები არიან და ამ განცხადებას აქვს საფუძველი - ევროპარლამენტის ვიცე- სპიკერი დააკავეს კორუფციის ბრალდებით, ანუ იქ მაინც და მაინც გამჭვირვალე პროცესები არაა, იქაც არის გამოწვევები. აქედან გამომდინარე, ჩემთვის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ობიექტურად მიმოიხილავს, მნიშვნელოვანია, ხოლო ფოტიგების, კუბილიუსების და ასეთების რეზოლუცია ჩემთვის არის ნული, ბოდიშს გიხდით, ეს არის ჩემი პოზიცია. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები, EPP, რომლის წევრებიც არიან, არ მიყურებია, მაგრამ ვიცი, რა პოზიციებიც ექნებოდათ, კუბილიუსი ჩვეულებრივი ფანკლუბის წევრია სააკაშვილის, ისევე როგორც ფოტიგა, დამფუძნებელია ის ამ ფანკლუბის, დირექტორთა საბჭოში შედის ქალბატონი რაისა და დანარჩენები, ვინც არიან. ამ ადამიანებისგან ნუ ელოდებით საქართველოს მხარდაჭერას, მათი ამოცანა არის "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის მხარდაჭერა, რომელიც პარტნიორი იყო მათი, სიამტკბილობაში იყვნენ, როცა აქ ტირანია იყო, ისინი ამბობდნენ, რომ დემოკრატიის შუქურაა სააკაშვილი”, - განახადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხზე დებატები გაიმართა
ევროპარლამენტარებმა განიხილეს ესტონელი ევროპარლამენტარის, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე. დებატების დროს ევროპარლამენტარებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს საქართველოში შექმნილ შიდაპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, მათ შორის გაკეთდა მოწოდებები, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი 8 ნოემბერს დაუჭირა. კომპრომისულ ვარიანტში ევროპარლამენტი საქართველოს ურჩევს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებულ გავლენის პრობლემა მოაგვაროს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.