Jump to content
Planeta.Ge

შალვა კერესელიძე - ევროკავშირის რეკომენდაციების მიუხედავად, ხელისუფლება აგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე საკანონმდებლო შტურმს და მათი დასუსტებით ცდილობს ერთპარტიულ მარწუხებში მოქცევას


საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესიები დასასრულს უახლოვდება, მაგრამ სამწუხაროდ, მიმდინარე წელმაც, 2021 წლის მსგავსად, ნაცვლად კონკრეტული საქმის კეთებისა ერთმანეთთან დაპირისპირებაში განვლო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი შალვა კერესელიძე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი რეკომენდაციების ჯეროვნად შესრულების მიზნით, სახელმწიფოსგან ითხოვს ყველა ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდირებასა და მაღალი ლეგიტიმაციის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის ჩამოყალიბებას. 


"შედეგად მივიღეთ ის, რომ დაგვრჩა ძალიან ბევრი შეუსრულებელი ვალდებულება ჩვენი მოსახლეობის, თუ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ევროკავშირის რეკომენდაციების მიუხედავად, ხელისუფლება აგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე საკანონმდებლო შტურმს და მათი დასუსტებით ცდილობს ერთპარტიულ მარწუხებში მოქცევას კერძოდ: ქართულმა ოცნებამნმიიღო ეუთო ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი შეფასების დოკუმენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც მკაფიოდ აღნიშნულია, რომ შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი არ ითვალიწინებს კომისიის წინა ჯერზე გაცემულ რეკომენდაციებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის აღარ არის საკმარისი ძალადობის, ზეწოლის, დაშინების მეთოდები და სწორედ ასეთი ცვლილებებით, პრაქტიკულად უკვე დაიწყეს მომავალი არჩევნების გაყალბებაზე მუშაობა.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ შემფასებელთა რეკომენდაციების გათვალისწინება, თუ რეალურად გსურთ რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. ჩვენმა გუნდმა სამუშაო ჯგუფში წარადგინა მოსაზრებები, შეგვექმნა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური, რომლის ხელმძღვანელი მაღალი ლეგიტიმაციით იქნებოდა არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ. ოცნებამ კი, წარმოგვიდგინა მხოლოდ ფასადური ცვლილებები ანტიკორუფციული ბიუროს სახით, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ არა ბრძოლის, არამედ ბრძოლის ხელშეწყობის ფუნქციებით არის აღჭურვილი და რომელიც ვერანაირად ვერ პასუხობს ევროკავშირის რეკომენდაციის მოთხოვნებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, ახალი საკანონმდებლო ცვლილებით, თუ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი არ მიიღო საკრებულომ და ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, აღნიშნული ხდება მხოლოდ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, რაც მერებს ათავისუფლებს მათ მიერ შედგენილი ბიუჯეტების ჩავარდნის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან. აღნიშნული წარმოადგენს საკრებულოების შანტაჟს მასზედ, რომ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი დაამტკიცონ ისე, რომ ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს წევრების შენიშვნები და ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტები არ იქნება გათვალისწინებული.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უარი თქვას საკრებულოების მიმართ, ასეთ შეურაცხმყოფელ ქმედებაზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯია და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა, უნდა ითვალისწინებდეს გაზრდილი შემოსავლების სწორ განაწილებას, იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც რეალურად მთასა თუ ბარში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. გაზრდილი შემოსავლების დიდი ნაწილი უნდა დაიხარჯოს არა მხოლოდ პოლიტ. პროგრამებზე და პარტ. აქტივის შენახვაზე, არამედ ისეთი პრობლემების მოგვარებაზე როგორიცაა: წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გაზიფიცირება, უშუქო სოფლების პრობლემების მოგვარება, ინტერნეტიზაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ა.შ.
მოგიწოდებთ, 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე იმოქმედეთ სახელმწიფოებრივად და იფიქრეთ მოსახლეობიდან წამოსული წუხილების, და პრობლემების მოგვარებაზე, იფიქრეთ ქვეყანაში უკიდურესად რთული დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებაზე, ქართული გენოფონდის შენარჩუნებაზე, იფიქრეთ უიმედობის და უპერსპექტივობის გამო მიგრაციის მაღალი დონის შემცირებაზე, ხალხისთვის ხელმისაწვდომ და შედეგის მომცემ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელებაზე, შეეშვით კორუფციული გზით გამდიდრებას, ქვეყნის და ხალხის ძარცვას და იფიქრეთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე.", - წერს შალვა კერესელიძე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...