Jump to content
Planeta.Ge

მედიის ცნობით, ევროკავშირი უნგრეთისთვის დაბლოკილი თანხის ნაწილის გადაცემას დათანხმდა, სანაცვლოდ, ბუდაპეშტი უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გადაცემაზე ვეტოს მოხსნის


გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირი უნგრეთისთვის დაბლოკილი თანხის ნაწილის გადაცემას დათანხმდა, სანაცვლოდ კი, ბუდაპეშტი უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გადაცემაზე დადებულ ვეტოს მოხსნის.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ჩეხეთმა უკვე გაავრცელა ცნობა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის მიკროფინანსური დახმარების გადაცემაზე შეთანხმდა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრებიდან, აღნიშნული ფინანსური პაკეტის დამტკიცების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი გამოდიოდა.

თავის მხრივ, ევროკავშირს დაბლოკილი ჰქონდა უნგრეთისთვის განკუთვნილი 7,5 მილიარდი ევროს გადაცემა და ამის მიზეზად ბრიუსელში ასახელებდნენ „ბუდაპეშტის მიერ კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევას“. ასევე, გაყინული იყო უნგრეთისთვის განკუთვნილი 5,8 მილიარდი ევრო, რომელიც ქვეყანას „კოვიდ-19“-ის შედეგების აღმოსაფხვრელად უნდა მიეღო.

12 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს წევრები დაბლოკილი თანხის 6,3 მილიარდ ევრომდე შემცირებას დათანხმდნენ, აგრეთვე, დაამტკიცეს უნგრეთის მიერ წარმოდგენილი გეგმა „კოვიდ-19“-ის ზიანის აღმოსაფხვრელი ფონდიდან 5,8 მილიარდი ევროს გახარჯვის თაობაზე.

თუმცა, როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, უნგრეთი დაფინანსებას იმ პირობით მიიღებს, თუ კორუფციასთან ბრძოლისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ცვლილებებს გაატარებს.

1ტვ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...