კახა ქემოკლიძე - ღარიბაშვილის განცხადება ანაკლიის პორტზე პოპულისტურ-დემაგოგიურია - სახელმწიფოს სხვა არბიტრაჟული დავები არ აქვს? - „ნამახვანჰესის“ ინვესტიცია ქარს გაატანეს
ბატონი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება იყო პოპულისტურ-დემაგოგიური. არბიტრაჟს რომ ახსენებს, სახელმწიფოს სხვა არბიტრაჟული დავები არ აქვს? - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მან ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება შეაფასა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესახებ, რომლის თანახმადაც, ხაზარაძე-ჯაფარიძემ „5 წელში ვერ შეასრულეს ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდეს პროექტი, ანაკლიის პორტი არ ააშენეს და დღეს საარბიტრაჟო სასამართლოში 1.5 მილიარდს საქართველოს ედავებიან.
ქემოკლიძემ მაგალითად სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორს შორის არსებული კიდევ ერთი საარბიტრაჟო დავის, „ნამახვანჰესის“ გარშემო მომხდარი მოვლენები მოიყვანა.
როგორც მან განაცხადა, აღნიშნული პროექტი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით ხელისუფლებამ „ქარს გაატანა“.
„მაგალითად, „ნამახვანჰესის“ 850-მილიონ დოლარიანი ინვესტიცია რომ ქარს გაატანეს, სხვათა შორის, ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით და ის კომპანია რომ საარბიტრაჟო დავას ახორციელებს დღეს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს ვისი პასუხისმგებლობის ზონაა? რეალურად, ელექტროენერგიის იმპორტზე რომ ხარ გადასული და შენი ჯიბიდან ფულს უხდი რუსებს და მათზე დამოკიდებული რომ გახდი ელექტროენერგიის თვალსაზრისით, ამ დროს კი, 850-მილიონიანი ინვესტიცია სუფთა ფულად და ათასობით ადამიანის დასაქმების საშუალება რომ ქარს გაატანე, კომპანიამ რომ საარბიტრაჟო დავა დაიწყო შენ წინააღმდეგ, ეს ვისი პასუხისმგებლობის ზონაა, ხაზარაძის და ჯაფარიძის? შერჩევითი სამართალი აქვთ და ამ ხელისუფლების პრობლემა ისაა, რომ სელექტიურად იღებენ რაღაც ქეისებს და პოპულისტურ-დემაგოგიური პრიზმით ცდილობენ საზოგადოებას მიჰყიდონ“, - განაცხადა ქემოკლიძემ.
მისივე შეფასებით, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიზანი იყო ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება, თუმცა, როგორც ქემოკლიძე აცხადებს, მისთვის უცნობია, თუ რა პოზიცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს.
„როგორც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, მთელი ჩემი სამსახური იყო ფოკუსირებული იმაზე, რომ უსაფრთხოების განზომილებაში, ეროვნული უსაფრთხოების დონეზე ეს პროექტი უნდა აშენებულიყო. გახარიას მხრიდან მიზანი და ამოცანა იყო ძალიან მკაფიოდ დასმული, რომ „კახა, გააკეთე ყველაფერი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. დაველაპარაკოთ ამას, შენ მანდატი გაქვს და იმოქმედე“. შესაბამისად, ჩვენც ვმოქმედებდით და მეორე ინვესტორი, რომელიც გაცილებით, 5-ჯერ და შეიძლება 10-ჯერ უფრო ძლიერი იყო, პირდაპირ ამბობდა, რომ „მომეცით გარანტია სახელმწიფოს მხრიდან“. პრემიერი ეუბნებოდა, რომ ეს გარანტია მათ აქვთ, შესაბამისად, ის მოელაპარაკებოდა დანარჩენ კერძო ინვესტორებს და ეს პროექტი განხორციელდება. სამწუხაროდ, ეს გარიგება აქეთ მხარეს მყოფ კერძო ინვესტორებთან ვერ შედგა, რადგან მათ, როგორც ჩანს, საკუთარი პირობები წამოაყენეს.
ივანიშვილის პოზიცია როგორი იყო, წარმოდგენა არ მაქვს. მე ფაქტებით და იმით ვმსჯელობ, რასაც საკუთარი თვალით და მოქმედებებით ვაკვირდებოდი. არ ვამბობ, რომ მას პოზიცია არ ექნებოდა. პარტიის თავმჯდომარე იყო და მსგავსი ტიპის მსხვილი პროექტები საბოლოო ჯამში, ალბათ, მასთანაც გადიოდა. რაც არ ვიცი, იმას ვერ გეტყვით. ივანიშვილს არ შევხვედრივარ, არ მისაუბრია ამ თემაზე. მე მხოლოდ პრემიერ-მინისტრ გახარიას ვესაუბრებოდი და მისი მხრიდან ვხედავდი მკაფიო მზაობას - ისევე, როგორც ამერიკელები ხედავდნენ მკაფიო მზაობას. იმაზე ვერ გესაუბრებით, რაც ჩემი მზერის მიღმაა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ექნებოდა საკუთარი პოზიცია, მაგრამ იმ დროის მონაკვეთში, როდესაც პრემიერ-მინისტრის აპარატთან ერთად ვმუშაობდი, არ მაქვს იმის განცდა ვინმესგან ინსტრუქცია მოდიოდა, რომ ეს პროექტი არ გააკეთო. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა იმის დამოუკიდებლობა და ხედვა, რომ ეს პროექტი სწორად განხორციელებულიყო“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.