Jump to content
Planeta.Ge

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ირანთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე აფრთხილებს


საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აფრთხილებს, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამო მნიშვნელოვნად გაზრდილია ირანის ტერიტორიის სატრანზიტო კორიდორად გამოყენების შემშთხვევები და ანგარიშსწორებების ნაწილი შესაძლოა აშშ-ს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევად ჩაითვალოს. საუბარია ირანის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებაზე.

"ასეთი გარიგებები საბანკო სექტორის საკორესპონდენტო ურთიერთობების ფარგლებში უცხოურ ვალუტაში ქვეყნის გარეთ ტრანზაქციების განხორციელების შეფერხების რისკს წარმოშობს.

აშშ-ს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დაცვის მიზნით, კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან ირანთან დაკავშირებული პირების მიმართ გაატარონ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, ასევე, განახორციელონ ირანთან დაკავშირებული ტრანზაქციების გაძლიერებული მონიტორინგი და სანქციების დარღვევის რისკის არსებობის შემთხვევაში მსგავსი ტიპის ტრანზაქციები არ შეასრულონ", - წერია 13 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის გავრცელებულ განცხადებაში.

კომერციული ბანკების ზედამხვედელი უწყება აცხადებს, რომ შემუშავდა დებულება, რომელშიც დეტალურადაა განსაზღვრული ის მოთხოვნები, რომელთა დაცვაც საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დარღვევის რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს:

"აღნიშნული დოკუმენტის შესრულება სავალდებულოა ყველა კომერციული ბანკისთვის და მიზნად ისახავს საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობებთან დაკავშირებული რისკების შემცირებასა და სანქციების რეჟიმთან შესაბამისობას. დამატებით, კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან თავიანთი შიდა პოლიტიკა-პროცედურების თანახმად, კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის მექანიზმები გამოიყენონ".

მანამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ირანის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ ახალი სანქციები თეირანის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებითმ საპროტესტო აქციების ჩახშობისა და რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპატარების მიწოდებისთვის.

შემოდგომაზე შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა იმ დრონების წარმოებასთან დაკავშირებულ ირანულ კომპანიებს, რომლებსაც რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...