Jump to content
Planeta.Ge

2023 წლის ივნისიდან Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან 5 ახალი მიმართულებით იფრენს


ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.

ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული იქნება Airbus A321 ტიპის ახალი ავიახომალდი, რომელიც გამოირჩევა საწვავის ეკონომიურობითა და დაახლოებით 50 სამგზავრო ადგილით მეტი აქვს, ვიდრე Wizz Airi-ის სტანდარტულ თვითმფრინავებს.

ავიაკომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი მიმართულებებით ავიაბილეთის ღირებულება დაახლოებით 229 ლარი იქნება.

Wizz Air-ის ახალი მიმართულებების პრეზენტაცია. თბილისი. 13 დეკემბერი, 2022 წელი
Wizz Air-ის ახალი მიმართულებების პრეზენტაცია. თბილისი. 13 დეკემბერი, 2022 წელი

ქუთაისში მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა, ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, 5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, ხოლო პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენის მიმართულებებზე უკვე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი WIZZ AIR საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ თვითმფრინავს ამატებს. რაც საშუალებას მოგვცემს, დამატებით ევროპის 5 ახალ ქალაქში დაიწყოს ფრენები და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეები დაემატოს. ქართველ მოგზაურებს საშუალება ექნებათ, დამატებით ევროპის 4 ქვეყნის 5 ქალაქში იმოგზაურონ, ასევე საქართველოში დამატებითი ტურისტული ნაკადები მოვიზიდოთ," - განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ბოლო რამდენიმე წელია (პანდემიური 2020, 2021-ის გარდა), Wizz Air საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია 550 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ივნისისთვის, Wizz Air ჯამურად ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.

radio tavisupleba

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...