Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ქვეყანაში პოლიტიკური, ელიტური კორუფცია ყვავის, ოცნება ამის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს და თავს იწონებს კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელზე აპელირებაც არარელევანტურია და სადაც ბოლო 10 წელია თითქმის არაფერი შეცვლილა


ღარიბაშვილის მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით თავისი მოწონება რეიტინგებზე დაყრდნობით სხვა არაფერია, თუ არა იმ საზოგადოების მორიგი დაცივნა და მოტყუების მცდელობა, რომელიც რეიტინგებში ვერ ერკვევა და არც უნდა ერკვეოდეს იმიტომ, რომ ნორმალურ ქვეყანაში მოლოდინია, რომ ხელისუფლება კეთილსინდისიერია და არა ჩამოყალიბებული მატყუარა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, 
ოცნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებაზე საუბრობს კორუფციის აღქმის ინდექსზე დაყრდნობით, რომელიც ბოლო 10 წელია თითქმის არ შეცვლილა.
 

"კორუფციის აღქმის ინდექსი იკვლევს ხალხის აღქმას კორუფციასთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი „წვრილმან კორუფციასთან“ (ქრთამი პოლიციას, ქრთამი უმაღლესში და ა.შ.) შეხებით ყალიბდება, რომელიც დიდი ხანია ქვეყნისთვის სისტემურ გამოწვევას აღარ წარმოადგენს. დღეს ქვეყნის სისტემური გამოწვევა პოლიტიკური, ელიტური კორუფციაა, რომელიც ხალხის უშუალო აღქმის და შესაბამისად, ოცნების მიერ მოშველიებული კვლევების მიღმაა.
ასეთი ტიპის კორუფციის შედეგია სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სახის უკანონო შეღავათები ბიზნესისთვის, კომპანიებისთვის, ცალკეული პირებისთვის პარტიისადმი ლოიალობის თუ ფულადი შემოწირულობების სანაცვლოდ. მაგ.: სახელმწიფო ტენდერები, რომელიც ლაგდება პოლიტიკური ნიშნით; სახელმწიფო ქონების მიზერულ ფასად გასხვისება საკუთარი ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე (ღარიბაშვილის ცოლზე გასხვისებული ტყე). ამ ყველაფერს პირდაპირი ნეგატიური ეფექტი აქვს რიგითი მოქალაქის კეთილდღეობაზე უხარისხო და საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურის, გაჭიანურებული და ჩავარდნილი პროექტების, სახელმწიფო (ხალხის) ქონების დატაცების და ა.შ. სახით. ასეთი ტიპის კორუფციის შედეგია ამომრჩევლის მოსყიდვა და უზარმაზარი შავი ფული პოლიტიკურ პროცესში, რაც ქვეყანას უსპობს ცვლილების და განვითარების შესაძლებლობას.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად იყო საჭირო, სხვა ქმედით ნაბიჯებთან ერთად, რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული სააგენტოს შექმნა, სადაც თავს მოიყრიდა ყველა ანტი-კორუფციული, პირველ რიგში კი კორუფციის გამოძიების ფუნქცია. ეს იყო ევროკავშირის რეკომენდაცია. ეს არის OECD- ის რეკომენდაცია წლებია.
ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანაში პოლიტიკური, ელიტური კორუფცია ყვავის, ოცნება ამის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს და თავს იწონებს კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელზე აპელირებაც არარელევანტურია და სადაც ბოლო 10 წელია თითქმის არაფერი შეცვლილა. ამას ჰქვია პოლიტიკური თაღლითობა.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...