ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უახლოეს თვეებში ვერ შეძლებს დონბასში წინ წაწევას
უკრაინაში რუსეთის პრიორიტეტული ამოცანა, როგორც ჩანს, კვლავაც არის წინ წაწევა დონეცკის ოლქის სიღრმეში, მაგრამ რუსეთის ჯარები დიდი ალბათობით ვერ შეძლებენ ამის მიღწევას უახლოესი თვეების განმავლობაში, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მორიგ ანგარიშში.
„უახლოეს ხანებში რუსეთის სტრატეგია სავარაუდოდ ვერ მიაღწევს ამ მიზანს: ძალზე ნაკლებად არის სავარაუდო, რომ რუსეთის ჯარებს ამჟამად უნარი შესწევთ, შექმნან ეფექტიანი დამრტყმელი ძალა, რომელიც ამ რაიონების ხელში ჩაგდებას შეძლებდა“, - წერია ანგარიშში.
ბრიტანეთის დაზვერვის აზრით, მომდევნო რამდენიმე თვეში რუსეთის სახმელეთო ჯარებს გაუჭირდებათ რაიმე წარმატების მიღწევა ოპერატიული თვალსაზრისით.
8 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა მორიგი განცხადება, რომ უკრაინაში რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანი არის დონბასისა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის მოსახლეობის „დაცვა“.
როგორც ბრიტანეთის დაზვერვა შენიშნავს, პესკოვის სიტყვები იმას მეტყველებს, რომ რუსეთის მიმდინარე მინიმალური პოლიტიკური მიზნები უცვლელი რჩება.
„როგორც ჩანს, რუსეთი კვლავაც ცდილობს, კონტროლი გაავრცელოს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მთელს ოლქებზე“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიშში.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.