უმრავლესობა მზადაა, ჯანეზაშვილისა და აბაშიძის გარდა, ომბუდსმენად ნებისმიერი კანდიდატი განიხილოს - დავითულიანი
საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, სახალხო დამცველობის კანდიდატად ნებისმიერი კონკურსანტი განიხილოს, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა აბაშიძის გარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა უთხრა.
"არავითარი წინაპირობა არ გვაქვს შეთანხმებისთვის, გარდა ერთისა, რომ ვინც ამ პროცესში პარლამენტს არ გაუწია ელემენტარული ანგარიში და პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავის ხედვები, ასევე, ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩევლებს, ნებისმიერ კანდიდატზე დავილაპარაკებთ, სულ ერთია ვისზე. ამ ეტაპზე ასეთია ჩვენი პოზიცია", - თქვა დავითულიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას დააკონკრეტა, ვისი კანდიდატურის განხილვა გამოირიცხება:
"ორივეს [ნაზი ჯანეზაშვილი და ანა აბაშიძე] - ერთი არ მოვიდა, მეორემ პირდაპირ განაცხადა შეურაცხმყოფელი რაღაცები, ფეისბუკზე ჰქონდა განცხადება, პირდაპირ ილანძღებოდა".
ბექა დავითულიანი იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატზე შეთანხმება შედგება.
"მოლაპარაკებები აქამდეც არაფორმალურად მიმდინარეობდა, დღეიდან უკვე ოპოზიციის ძირითადი შემადგენლობა ფორმალურად, ოფიციალურად ჩაერთვება ამ პროცესში და იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებას. დღეს იქნება შეხვედრა პარლამენტში. წინასწარი განწყობა ასეთია, რომ ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თანხმობაა (შეხვედრაზე)", - თქვა მან.
სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო და 4 ნოემბერს დასრულდა. მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. ომბუდსმენის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.
სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან პარლამენტისთვის წარდგენილ ყველა (19) კანდიდატს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.