Jump to content
Planeta.Ge

პარტია "საქართველოსთვის" შენიშვნები და რეკომენდაციები ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით


გთავაზობთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებულ ზოგიერთ შენიშვნასა და რეკომენდაციას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, აკაკი გვიანიძე წერს. 

მისი თქმით, 2026 წლის ჩათვლით ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ახალი ქუჩების დაპროექტება, რაც სწრაფად მზარდი ქალაქისთვის კატასტროფულია.

"ახალ დასახლებებში (განსაკუთრებით ხიმშიაშვილის, აეროპორტის, კახაბრისა და სამრეწველო ადმინისტრაციულ ერთეულებში) გზების გაყვანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, უნდა დაპროექტდეს ფრ. ხალვაშის ქუჩის პარალელური ქუჩა (ქუჩები), რაც განტვირთავს მოძრაობას და კომფორტულს გახდის მგზავრობას ხელვაჩაურისა და ზემო აჭარის მიმართულებით.


ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის გაგრძელებისთვის საჭირო სამუშაოები. ე.წ. "ავტობუსის ზოლების" მოწყობა უნდა გაგრძელდეს.

ახალი ავტობუსების შეძენა ხდება შესაბამისი სტრატეგიის გარეშე. ქალაქმა არჩევანი უნდა გააკეთოს ელეტროტრანსპორტზე.

ქალაქში არსებულ გაჩერებებს უნდა მიენიჭოს სახელები და მოხდეს მათი გამოცხადება საქალაქო ტრანსპორტში, რაც გაუადვილებს ორიენტირებას მცირედმხედველებსა და ქალაქის სტუმრებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით უნდა გახდეს უფასო, რაც ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას და ქუჩების განტვირთვას.
 

 ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ახალი მუნიციპალური სასაფლაოს მოწყობა. მერიამ უნდა აღიაროს, რომ ჩაქვში განხორციელებული პროექტი ჩავარდა და დაიწყოს ალტერნატიულ ადგილზე მისი პროექტირება. უნდა დასრულდეს არსებული სასაფლაოების "პასპორტიზაციის" პროცესი და დაინტერესებულ პირებს მიეცეთ სერვისების ელეტრონულად მიღების საშუალება.

 ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში არ არის არცერთი სპორტული მოედანი. ე.წ. "ჭაჭის კოშკის" მიმდებარედ უნდა მოეწყოს მინი სტადიონი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

 ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული მუნიციპალური მომსახურების ახალი სერვისცენტრების მშენებლობა, იმ პირობებში, როდესაც ძველი შენობები არ არის ადაპტირებული და რიგ შემთხვევებში ავარიულია.

 ქალაქის მთელი ტერიტორიის თანაბრად განვითარების უზრუნველსაყოფად საჭიროა ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნა. საჭიროა აშენდეს ახალი ახალგაზრდული ცენტრები ე.წ. "შემოერთებულ ტერიტორიებზე" და გარეუბნებში.

 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ადგილების მწვავე დეფიციტის აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტმა უნდა დანერგოს ვაუჩერული სისტემა. თითეულ ბავშვზე უნდა გამოიყოს ფიქსირებული ვაუჩერი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება, როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღებში.

 სანაგვე ურნებთან არსებული ანტისანიტარიის აღკვეთის, ასევე, დღის განმავლობაში ქალაქის ქუჩებიდან ნარჩენების გატანისას წარმოშობილი საცობების თავიდან არიდების მიზნით, უნდა შეიქმნას ნარჩენების შეგროვების გადახურული პუნქტები. შედეგად, სანაგვე ურნებში აღარ მოხვდება წყალი, რაც არის უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი, ასევე, პუნქტებთან პარკირება აიკრძალება და გაჩნდება სანდასუფთავების სატვირთოების გაჩერების ადგილები, მსგავსად ავტობუსის გაჩერებებისა.

 მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ები უნდა გარდაიქმნას სსიპ-ებად, რაც იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი გამჭვირვალობისა და საჯაროობისკენ, ამასთან, მათ დაევალებათ მუნიციპალური პოლიტიკის (ნარჩენების მართვა, სატრანსპორტო პოლიტიკა) შემუშავება/განხორციელება, გაუმჯობესდება ადმინისტრირება და დასაქმებული პირების ყოფა.

 2022 წელთან შედარებით მცირდება უმაღლესი და პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა, მაშინ როდესაც მათ რაოდენობას ყოველწლიურად უნდა ვზრდიდეთ.

 ბიუჯეტში შევიდეს ახალი პროგრამა - მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში დეფიციტურ და ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელ სპეციალობებზე (ურბანისტები, გის-სპეციალისტები, არქიტექტორები, მუნიციპალური მართვის სპეციალისტები...) სტუდენტების სწავლის დაფინანსება, რომლებსაც ექნებათ ვალდებულება დაბრუნების შემდეგ რამდენიმე წელი იმუშაონ მერიაში ან აანაზღაურონ დანახარჯი.

ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ახალი ზოოპარკის მშენებლობისა და ძველი ზოოპარკის გადატანისთვის საჭირო თანხები. მერიამ უნდა დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით.

 მერიამ უნდა განავითაროს სერვისების მიწოდების ალტერნატიული არხები. დისტანციური სერვისების განვითარებისთვის აუცილებელია მომსახურების ერთიანი ცენტრის (ქოლცენტრის) შექმნა.

 მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდისთვის აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის გაუმჯობესება, უნდა მომზადდეს საინფორმაციო ვიდოები, ფლაერები და ა.შ. პროგრამის არსებული ბიუჯეტი (40 000) ლარი არ არის საკმარისი და მინიმუმ უნდა გაორმაგდეს ის.

 სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისთვის პერიოდულად უნდა გადამზადდნენ მუნიციპალური მოხელეები. არსებული ბიუჯეტით მხოლოდ 150 მოხელის (უშუალოდ მერიაში დასაქმებული პირების) გადამზადება იგეგმება, მაშინ, როდესაც უფლებამოსილებათა დიდი ნაწილი დაფუძნებულ იურიდიულ პირებზეა დელეგირებული.

 უნდა გაუქმდეს მერიის დაფუძნებული სპორტული კლუბები და შეუერთდეს სპორტულ ცენტრს. ამით გაუმჯობესდება მართვის ხარისხი, შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და მეტი თანხა დაიხარჯება სპორტით დაკავებულ ახალგაზრდებზე.", - წერს აკაკი გვიანიძე. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...