Jump to content
Planeta.Ge

ბრალდებულებს ხანგრძლივი პაემნის უფლება მიეცემათ


იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად, ბრალდებულს პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ერთხელ მიეცემა ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება, რაც მას აქამდე არ გააჩნდა.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს შეეძლება ისარგებლოს ვიდეოპაემნის უფლებით პირთა ვიწრო წრესთან (მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, და და ძმა) წლის განმავლობაში ორჯერ, ხოლო წახალისების სახით – წლის განმავლობაში ერთხელ, დამატებითი ვიდეოპაემნის სახით.

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, ყველა სახის პაემნით სარგებლობა იქნება უფასო: მოქმედი კანონით, დღეს ამისათვის სრულწლოვან მსჯავრდებულებს 60 ლარის გადახდა უწევთ, ხოლო არასრულწლოვნებს კი − 30 ლარის. კანონის ეს ნორმა 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

საკანონმდებლო ცვლილებით, ასევე უნდა გაიზარდოს სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა და გათანაბრდეს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...