საავტორო უფლებისა და მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება ექნებათ, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა მოითხოვონ
საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება ექნებათ, დამრღვევისგან მოითხოვონ, მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. შესაბამისი ცვლილებები „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა მოამზადა.
კანონპროექტის გათვალისწინებით, დამრღვევს უფლება ექნება, უფლებამოსილი პირის მიერ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში, უფლებამოსილ პირს გადაუხადოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღებ ფულად ანაზღაურებაზე 10 პროცენტით მეტი ოდენობით. მისაღები კომპენსაციის ოდენობები კი, დამოკიდებული იქნება საავტორო უფლებების დარღვევების რაოდენობასა და მათი კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღებ ფულადი ანაზღაურების ოდენობაზე.
„პარლამენტს რიგმა ტელეკომპანიებმა მიმართეს საკანონმდებლო წინადადებით, სადაც დასმული საკითხი ეხებოდა არსებულ გამოწვევებს. კერძოდ, განცხადებაზე ხელმომწერი ტელევიზიების პოზიციით, მოქმედი რედაქციით, კანონი არაკეთილსინდისიერი პირის ხელში უფლებით ბოროტად სარგებლობისა და შანტაჟის ბერკეტად გვევლინება, რაც როგორც ისინი მიუთითებენ, ფაქტობრივადაც მრავლად შეინიშნება აღნიშნულ ურთიერთობებში. კერძოდ, არსებული საკანონმდებლო პირობა ახალისებს სანქცირებაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, რაც ხელს უშლის ბაზრის სტაბილურობას და სამართლიანი ქცევის ჩარჩოების ჩამოყალიბებას. მეტიც, ასეთი რეგულირების ფარგლებში საავტორო უფლების მფლობელის ინტერესებში არ შედის ხელშეკრულების გაფორმება უფლების შემძენთან, რადგან დამრღვევი პირის მიმართ კანონით მინიჭებული ღირებულების სულ მცირე ათმაგი ოდენობით მოთხოვნის უფლებით სარგებლობა ცხადია, უფრო დიდ შემოსავალთან არის დაკავშირებული. დამრღვევი პირი კი, სწორედ ის უფლების შემძენია, რომელსაც თავად უფლების მფლობელმა ხელშეკრულება არ გაუფორმა. ამგვარი უფლების მოპოვება გათვალისწინებულ სავალდებულო ფორმას – წერილობით ხელშეკრულებას საჭიროებს. როგორც განმცხადებლები მიუთითებენ, ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როდესაც უფლების მფლობელი უფლების გადმოცემაზე ზეპირი თანხმობის შემდეგ აცხადებს უარს და წერილობითი ფორმით შესრულებული ხელშეკრულების არ არსებობის გამო, უფლების შემძენი სამართალდამრღვევად გვევლინება.
აღნიშნული ბერკეტის არაკეთილსინდისიერი გზით გამოყენება ხდება ფასისა და სხვა არსებითი პირობების განსაზღვრის დროსაც. ზემოთ აღწერილი მოცემულობა ქმნის არასტაბილურ გარემოს და ხელს უწყობს არაკეთილსინდისიერი წესების დამკვიდრებას მხარეთა შორის ურთიერთობაში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ უფლების მფლობელის უფლებები დაცულია არაერთი სხვა მექანიზმით, კერძოდ, საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს სხვადასხვა უფლების აღიარება”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
დეპუტატი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.