მიხეილ დაუშვილი - მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანით „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას“ ეხმარება
იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ რეალურ პრობლემებზე, ვსაუბრობთ ყველაფერზე, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პროცესებზე და მომავალ აქციებზე - ამით „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას“ ეხმარება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე - თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს სასჯელს არ გადაუვადებს, ოპოზიცია აქციებს აანონსებს.
დაუშვილის თქმით, ნაცვლად რეალური საკითხებისა, ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზეა გადატანილი.
„ვფიქრობ, ყველაზე მეტად ვინც დღეს “ქართულ ოცნებას” ეხმარება, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“. იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ რეალურ პრობლემებზე, ქვეყნის მომავალზე, ევროინტეგრაციაზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც „ოცნებას“ აქვს ევროინტეგრაციის კუთხით, ვსაუბრობთ ყველაფერზე - „ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე შიდა პროცესებზე, ვინ გახდება ახალი თავმჯდომარე და მომავალ აქციებზე. ამ ყველაფრით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას” ეხმარება, რადგან ნაცვლად რეალური საკითხებისა, ყურადღება გადატანილია მეორეხარისხოვან საკითხებზე“,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც დაუშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა.
„ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში უყურებ ადამიანს, ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილს. მაგრამ, აქვე უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვა სრულად „ოცნების“ პასუხისმგებლობაა. ვისზე გადაბრალებაც არ უნდა სცადოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს მაინც მათი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.