Jump to content
Planeta.Ge

რატომ უწევთ შშმ პირთა მშობლებს (მხარდამჭერებს) ბიუროკრატიასთან გამუდმებით ბრძოლა და წრეზე ტრიალი


,,აწვალეს და საქმე დროში იმდენად გააჭიანურეს, რამდენადაც შეეძლოთ"

ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბორის ახობაძე შეზღუდული შესაძლებლობის პირია, თუმცა, მის შემთხვევაში, სიტყვა შესაძლებლობა ცოტა ხმამაღა ჟღერს, რადგან დაბადებისდროინდელი ტრამვების გამო ის უმძიმეს მდგომარეობაშია და არათუ გადაადგილება, დამოუკიდებლად მოძრაობაც არ შეუძლია; ვერც ლაპარაკობს და ვერც მყარ საჭმელს მიირთმევს. ბორისის ძირითად საკვებს მხოლოდ ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი ფაფები წარმოადგენს.

როგორც მისი მამიდაშვილი, ხათუნა რობაქიძე გვიყვება, ის ოჯახში 10 წლიანი ლოდინის შემდეგ დაბადებული ნანატრი შვილია, რომელიც სრულიად საღსალამათი უნდა გაზრდილიყო, რომ არა ექიმების საბედისწერო შეცდომა და დანაშაული.

,,დედამისს მძიმე მშობიარობა ჰქონდა. ექიმებს წესით საკეისრო კვეთა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს არ გადაწყვიტეს და მელოგინე ეგრეთწოდებული მაშების საშუალებით ამშობიარეს, რა დროსაც, ექიმებმა არაპროფესიონალიზმის თუ დაუდევრობის გამო, ბავშვს ფეხიც მოტეხეს და თავის ტვინიც დაუზიანეს. ამ ტრამვამ მისი სრული პარალიზება გამოიწვია. ბავშვს თავზე დღესაც ეტყობა მაშების გამოყენების მძიმე კვალი, მოტეხილი ფეხიც ცუდად შეუხორცდა.

არ გავჩუმებულვართ, მაშინვე დავამტკიცეთ, რომ ბორისის პარალიზება ექიმების დაშვებული შეცდომების და მშობიარობისდროინდელი ტრამვების ბრალი იყო, მაგრამ იმ პერიოდში ამ ქმედებისთვის პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ. ჩვენს საჩივარს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.“ - გვიყვება ხათუნა რობაქიძე.

მიუხედავად ამ გარემოებისა, დღეს ჩვენ ექიმების მაშინდელ შეცდომასა თუ დაუდევრობაზე საუბარს არ ვაპირებთ, დღეს იმ პრობლემაზე მოგიყვებით, რასაც ბორის ახობაძის მშობელი შვილის სრუწლოვანების შემდეგ გადააწყდა. გიამბობთ, რა გზის გავლა მოუწიათ შშმ პირის დედას და მის ნათესავებს შეჩერებული ყოველთვიური ფულადი დახმარების დროებით აღსადგენად; დროებით, რადგან მისი 140 ლარიანი პენსიის ბედი საბოლოოდ სამი თვის შემდეგ უნდა გადაწყდეს. ამასთან, კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, შეჩერებული პერიოდის, 5 თვის ანაზღაურება ვერ მოხდება, რადგან კანონი ამას არ ითვალისწინებს.   

ზემოთხსენებულ საკითხთან დაკავშირებულ დეტალებსა და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად  ბორის ახობაძის მამიდაშვილს, ხათუნა რობაქიძეს ვესაუბრეთ.

- როდის მოუხსნეს კუთვნილი ყოველთვიური დახმარება თქვენს ბიძაშვილს და რა მიზეზით?

- ივლისის თვეში ბორისს 18 წელი შეუსრულდა და სრულწლოვანებასთან დაკავშირებით  სამედიცინო კომისიის გავლა უწევდა. ამ მიზეზით შეუწყდა დახმარება. იმ დროისთვის მისი გაკომისიება ვერ მოხერხდა, რადგან კორონა გაურთულდა და სამკურნალოდ თბილისში გადმოვიყვანეთ. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, ამიტომ მკურნალობა დროში გაიწელა და პენსიის საკითხის მოგვარებაც დაგვიგვიანდა. როცა თბილისიდან ხონში ჩავედით, გვითხრეს, რომ მისი საბუთები უნდა მოგვეკრიბა და სამტრედიაში წავსულიყავით. დედა ამ საბუთებით მივიდა სამტრედიის ,,ჯეო-ჰოსპიტალის“ ამბულატორიულ ცენტრში, სადაც უთხრეს, რომ მისი გამოცხადება არაფერს შველოდა და კომისიისთვის თავად ავადმყოფი უნდა წარედგინა.

დედამ აუხსნა კომისიის წევრებს, რომ მისი შვილი უმძიმესი ავადმყოფი და უკიდურესად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იყო, რომ მისი გადაადგილება ბევრ პრობლემას შეუქმნიდა, რომ ტრანსპორტირების დროს ეპილეფსიური გულყრა ემართებოდა და ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალებით მისი გადაყვანა საშიში იყო. ამიტომ სთხოვა, დაეშვათ გამონაკლისი, გამოეჩინათ ადამიანობა და ისინი თავად მისულიყვნენ ავადმყოფის სანახავად. რაზეც ექიმებმა უარი განაცხადეს და თავიანთი გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ კანონი ამის საშუალებას არ აძლევდათ.

ამის შემდეგ ცალკე მე და ცალკე დედაჩემაც ვცადეთ ბედი, მივედით ამბულატორიაში, სურათიც ვანახეთ იმის დასამტკიცებლად, როგორ ადამიანზე იყო საუბარი და ვთხოვეთ, დაეშვათ გამონაკლისი, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ. კომისიის წევრებმა ჩვენც იგივე გაგვიმეორეს, სურათი არ გავინტერესებს და ვერაფრით დაგეხმარებით, რადგან ჩვენ კანონით არ ვართ ვალდებული, სახლში მოგაკითხოთო.

სხვა გამოსავალი არ იყო, ბავშვი დიდი წვალებით სამტრედიაში კი ჩავიყვანეთ, მაგრამ ამბულატორიის მეორე სართულზე ვერ ავიყვანეთ, რადგან ცუდად გახდა. მაშინ იკადრეს ექიმებმა ჩამოსვლა და რომ ნახეს, პირჯვარი გადაიწერეს, ასეთ მდგომარეობას არ ველოდითო.

კომისიის დასკვნის მერე დედას უთხრეს, რომ ახლა მისთვის შშმ პირი შვილის მხარდამჭერის სტატუსი სასამართლოს უნდა მიენიჭებინა. ამისთვის ქუთაისში უნდა წასულიყო, იურისტთან კონსულტაციები გაევლო და სათანადო განცხადებით სასამართლოსთვის მიემართა.

ასეც გავაკეთეთ, ბორისთან ჩვენ დავრჩით, დედა გავუშვით ქუთაისში, სადაც მას ყველა პროცედურის გავლის შემდგომ პირობა მისცეს, რომ საჭირო საბუთს კურიერი სახლში მოუტანდა.

დათქმული დრო რომ გავიდა და საბუთს დააგვიანდა, რა თქმა უნდა, დავინტერესდით, რაში იყო საქმე, მოვიძიეთ, დავრეკეთ სადაც საჭირო იყო. როგორც გავიგეთ, კურიერს, ვისაც საბუთი უნდა მოეტანა, განუცახდებია, ვიყავი მათთან და სახლში არ დამხვდნენო, რაც  უტიფარი ტყუილი იყო. ბავშვის მარტო დატოვება შეუძლებელია და მასთან, სახლში მუდმივად არის დედა ან ვართ რომელიმე სხვა ნათესავი. ამასთან, კურიერს ჰქონდა დედის ტელეფონის ნომერი, რომელზეც არ დაურეკავს და არაფერი შეუტყობინებია.

ამის შემდეგ ისევ ბორისის დედას მოუწია ამ საბუთის ასაღებად წასვლა.

ასე აწვალეს და საქმე დროში იმდენად გააჭიანურეს, რამდენადაც შეეძლოთ. ამის მერეც მხოლოდ დროებითი მხარდამჭერის სტატუსი მიანიჭეს.

სამ თვეში ისევ უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი, რომელზეც ბავშვიც უნდა მივიყვანოთ და მხოლოდ იმ პროცესის მერე მიენიჭება დედას მუდმივი სტატუსი.

- ახლა რატომ არ მისცეს მუდმივი მხარდამჭერის სტატუსი, რით ახსნეს განმეორებითი სასამართლოს დანიშვნა?

- არ ვიცით, რატომ არ მისცეს. გვეუბნებიან, კანონში ასე წერია, რა ვქნათ, ჩვენ ვერაფერს შევცვლითო. 

- ივლისის თვიდან დღემდე პენსია შეჩერებულია და დახმარებას ვერ იღებენ?

- დიახ, მთელი 5 თვეა, ეს დახმარება არ მიუღიათ და უარესი ის არის, რომ როგორც ჯანდაცვის ცხელ ხაზზე გვითხრეს, ეს თანხა დაკარგულია, მას არ აანაზღაურებენ.

- რატომ, რის საფუძველზე?

- ამბობენ, რომ კანონის საფუძველზე. დაკავებული თანხის ანაზღაურება კანონით გათვალისწინებული არ არისო.

- გაკომისიების და სასამართლოს დროებითი დასკვნის შემდეგ, როდიდან აღუდგებათ ფულადი დახმარება?

- ვინაიდან ნოემბრის თვეში მოხერხდა ამ საბუთების მოგროვება და ჩაბარება, ნოემბერშივე ვერ ესწრება ათვლა და დეკემბრიდან გეკუთვნით დახმარებაო, გამოგვიცხადეს. ოღონდ ამ დეკემბრის პენსიასაც მომავალი წლის იანვარში მოგცემთ, ახლა ვერაო...   

- ზოგადად ოჯახს რა შემოსავალი აქვს, თავს რით ირჩენენ ან ავადმყოფს რა საშუალებით უვლიან?

- ოჯახი სოციალურად დაუცველია და სხვა დახმარებებს იღებს, მაგრამ სხვა ყოველდღიური ელემენტარული საჭიროებების გარდა, ბორისს თვეში იმდენი პამპერსი, მედიკამენტი, ფაფები და სპეციალური საკვები დანამატები სჭირდება, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფოს შემწეობებით ვერ აუდიან. ძირითადად, ჩვენ, ნათესავები ვეხმარებით. ის შეჩერებული 140 ლარიც მარტო პამპერსის საყიდლად არ ჰყოფნით, დღეში მინიმუმ 6-7 პამპერსი სჭირდება, მაგრამ რაც ეკუთვნის, რატომ უნდა დაიკარგოს? 

სამედიცინო კომისიამ დასკვნაში ისიც ჩაგვიწერა, რომ შშმ პირს ეტლი ესაჭიროება, რომელიც სოციალური სააგენტოდან ეკუთვნის. ბავშვს მანამდეც ჰქონდა ეტლი, ჩვენ თავად ვუყიდეთ, მაგრამ უკვე მისთვის პატარა და მოუხერხებელია, ამიტომ უფრო მოზრდილი გვინდა. დავწერეთ განცხადება ხონის სოციალური დახმარების სააგენტოში, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ ეტლი იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ პირს ექნება პირადობის მოწმობა.

მოგეხსენაბათ, პირადობის მოწმობის გასაკეთებლად, ისევ იგივე წრეზე ტრიალი და წვალება მოგვიწევს, რაც გაკომისიებისას გავიარეთ და გვეშინია, რომ კიდევ ერთ ტრანსპორტირებას ბავშვი ვერ გადაიტანს.

დავრეკე ჯანდაცვის სამინისტროში და ვკითხე, შესაძლებელი იყო თუ არა, დაბადების მოწმობით გაეცათ ეტლი. მითხრეს, რომ უფლება გვაქვს დაბადების მოწმობით მოვითხოვოთ. თუ არ დააკმაყოფილებენ თქვენს განცხადებას, მაშინ მშობელი ჩამოვიდეს თბილისში, ასათიანის ქუჩაზე არსებულ დაწესებულებაში მივიდეს და იქ დაწეროს განცხადებაო.

მოკლედ, სულ აქეთ-იქით სიარულს გვთავაზობენ, ადგილზე რომ მოგვიგვარონ რამე პრობლემა, მაგას ვერ მივაღწიეთ. სხვა თუ არაფერი, ასეთი პირისთვის განკუთვნილი ეტლის მისაღებად ამდენი გადამისამართება, ამდენი ბარიერის გადალახვა და განცხადებების წერა რატომ უნდა იყოს საჭირო?

ან თუ აქამდე შშმ პირი იყო, 18 წლის შესრულების შემდეგ, ხელახალმა კომისიამაც დაადასტურა მისი მდგომარეობა და მიანიჭა პირველი ჯგუფის ინვალიდობა, ივლისიდან ნოემბრამდე, ვიდრე ყველა საბუთის მოგროვებას და ჩაბარებას შევძლებდით, რატომ უნდა დაუკარგონ ის დაკავებული თანხა? ის ხუთი თვე ჯანსაღად იყო, გამოკეთდა და უკეთესობისკენ შეიცვალა მისი მდგომარეობა?

ნეტავ, მართლა ისეთი ჯანმრთელი იყოს, როგორიც უნდა დაბადებულიყო, რაში დაგვჭირდებოდა ეს დახმარებები?

ხათუნა რობაქიძესთან საუბრის შემდეგ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც გაირკვა, რომ ამ შემთხვევაში შშმ პირისთვის შეწყვეტილი ფულადი დახმარების ანაზღაურება ნამდვილად ვერ მოხდება, ვინაიდან არსებული კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა. შესაბამისად, ბორის ახობაძის კუთვნილი ხუთი თვის პენსია, რომელიც მიმდინარე წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით არ აუღია და 700 ლარს შეადგენს, დაკარგულია.

ახალი ათვლა დაიწყება დეკემბრის თვიდან და 2022 წლის დეკემბრის დახმარებას 2023 წლის იანვარში მიიღებს.

რაც შეეხება სამედიცინო კომისიის მოქმედებას, აღმოჩნდა, რომ არათუ სამტრედიაში, ხონის ამბულატორიულ ცენტრში არსებულ სამედიცინო კომისიასაც გააჩნია იმის უფლებამოსილება, შშმ პირი შეამოწმოს და მასზე ყველა სათანადო დასკვნა გასცეს. კომისია უფლებამოსილია აგრეთვე, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირები ამბულატორიაში გამოუძახებლად, ადგილზე ნახოს.     

ამდენად, ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პაციენტის სამტრედიაში გადამისამართების აუცილებლობას საქმე არ ითხოვდა და ხონის თუ სამტრედიის ამბულატორიების სამედიცინო კომისიასაც გამონაკლისების დაშვების და ბენეფიციარის ადგილზე შემოწმების ვალდებულება ჰქონდა.

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იმის გარკვევაც ვცადეთ, რატომ მიანიჭეს დაბადებიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი შშმ პირის, ბორის ახობაძის დედას, თინათინ ფირცხალავას, დროებითი მხარდამჭერის სტატუსი და რატომ მოუწევს მას სამი თვის შემდეგ სასამართლოს წინაშე განმეორებით წარდგომა; ამასთან პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსის მქონე მძიმედ ავადმყოფი შვილის ხონიდან ქუთაისში წაყვანა და მისი პროცესზე დასწრება?

ჩვენი მცდელობის და საკითხისადმი უწყების პრეს-სამსახურისგან გამოჩენილი ინტერესის მიუხედავად, ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

P. S. ეთიკის და ესთეტიკის ნორმებიდან გამომდინარე, ბორის ახობაძის ფოტოს ამ სტატიას არ დავურთავთ. გვერწმუნეთ, მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზეა საუბარი.

ირმა ბერიშვილი 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...