ბელგიაში კორუფციის საქმეზე დააკავეს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი
ბელგიის პოლიციამ, რამდენიმე ჩხრეკის შემდეგ, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული სულ მცირე, ოთხი ადამიანი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ ჩატარებასთან დაკავშირებით.
ჩხრეკის სერიის განმავლობაში პოლიციამ დაახლოებით 600 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღო, წერს გამოცემა Politico.
ბელგიის პროკურატურა დაკავებულების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა გამოცემა Le Soir-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილია ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ევა კაილი, საბერძნეთის სოციალისტური პარტია PASOK-ის წევრი.
საბერძნეთის პრესამ უკვე გამოაქვეყნა PASOK-ის განცხადება კორუფციაში ბრალდების გამო კაილის პარტიიდან გარიცხვის შესახებ. მანამდე, კატარის შრომის მინისტრთან შეხვედრაზე, ევა კაილიმ კატარს უწოდა "მოწინავე ქვეყანა მშრომელთა უფლებების თვალსაზრისით", მიუხედავად საერთაშორისო ინსტანციების არაერთი განცხადებისა კატარში ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისას მუშების უფლებების დარღვევის შესახებ.
კიდევ ერთი ბელგიური გამოცემა, Knack-ი წერს, რომ ქვეყნის ფედერალური პროკურატურა ევროპარლამენტში შესაძლო კორუფციას ივლისის მერე იძიებს. პროკურატურის წარმომადგენელმა, ერიკ ვან დუისმა განაცხადა, რომ უწყება ეჭვობს, რომ "სპარსეთის ყურის ერთ-ერთ სახელმწიფოს" აქვს მცდელობა, გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე - კერძოდ, ქრთამებისა და მისი ოფიციალური პირების მოსყიდვის გზით.
ასევე, მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი, ლუკა ვისენტინი და ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი იტალიიდან, პიერ ანტონიო პანცერი.
ექსპერტების აზრით, კატარის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, შეიქმნას დადებითი იმიჯი მათი ქვეყნისა, რომელსაც ბრალს სდებენ ადამიანის უფლებათა მრავალრიცხოვან, სხვათა შორის, მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ლგბტ+ თემის წევერებისა და სპორტული ობიექტების მშენებლობებზე მომუშავეების უფლებების დარღვევაში.
ევროპელი ოფიციალური პირები დაინტერესებულები არიან კარგი ურთიერთობებით კატართან - მსოფლიოში გაზის ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელთან, განსაკუთრებით რუსეთთან "გაზის ომის" ფონზე, რომელიც უკრაინაში მისი შეჭრის შემდეგ დაიწყო.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.