Jump to content
Planeta.Ge

ანრი ოხანაშვილი - არავის დაუსვამს ვინმესთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი, არ დგას ეს დღის წესრიგში, დავასრულოთ - რაღაც კამპანია დაიგეგმა, რაშიც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის" კვალს


არავის დაუსვამს ვინმესთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი, არ დგას ეს დღის წესრიგში, დავასრულოთ ეს საკითხი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაღაც კამპანია დაიგეგმა, რაშიც ვხედავთ "ნაციონალური მოძრაობის" კვალს. გავაკეთე კომენტარი, არავის უთქვამს, რომ ხალხი ვინც გულწრფელად იბრძვის, ბრძოლის ველზეა, რომ ჩვენ ვიღაცას ვემუქრებით მოქალაქეობის ჩამორთმევით და დავამატე, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში, რომ თუკი უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შედის ვინმე ... წარმოიდგინეთ რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამსახურში რომ შევიდეს ვინმე, საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაკარგოს, თუ არ უნდა დაკარგოს? გამოყოფილი ხომ არ არის, კანონმდებლობა ხომ არ ითვალისწინებს რაიმე ტიპის განსხვავებას, მე სამართლებრივად ავხსენი და ჩემი ეს ნათქვამი, ისევე როგორც ჩემი კოლეგების, დაიჩეხა. ჩვენ არ დაგვისვამს, არავის არ დაუსვამს ვინმესთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი... პირიქით, ის ხალხი ვინც გულწრფელად ფრონტის წინა ხაზზეა, კამერებთან არ ჩნდება, იბრძვის, ეს ნამდვილად გმირული საქციელია. ეს მოიჭრა და თითქოს ჩვენ დავიწყეთ მცდელობა, რომ ვინმეს მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას. ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი. არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში. დაისვა შეკითხვა, კანონმდებლობა რას ითვალისწინებს და გაეცა ამას პასუხი, დავასრულოთ ახლა, დაასრულეთ ეს საკითხი, რისი მიღწევა გინდათ?! თუ დადგება ეს საკითხი, შემდგომ ვიმსჯელოთ, რა უნდა მოხდეს. ჩვენ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის, საერთაშორისო შეთანხმებების და კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ საერთაშორისო შეთანხმება იქნება თავსებადი ჩვენს კონსტიტუციასთან, ვიხელმძღვანელებთ კონვენციებისა და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად. რაც დღის წესრიგში არ დგას, ის საკითხი რატომ გინდათ გააქტიუროთ?"- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ამ თემაზე პირველად საჯარო სივრცეში მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და რას ემსახურება ახლა ამ საკითხის გააქტიურება, ოხანაშვილი პასუხობს, რომ საკითხი მდინარაძის განცხადებამდე სხვებმა გააქტიურეს, თუმცა, ვინ - არ ასახელებს.

 

"ეს საკითხი მამუკა მდინარაძის განცხადებამდე გააქტიურდა სხვადასხვა პირების მხრიდან. შეგიძლიათ გაეცნოთ, ბევრი სივრცე და პლატფორმა არსებობს. მე არ ვაპირებ დავასახელო ვისგან, ჟურნალისტები ხართ და თქვენით შეგიძლიათ მოიკვლიოთ. გააქტიურეს მიზანმიმართულად, პროვოკაციულად და აქ გასაგებია, იკვეთება "ნაციონალური მოძრაობის" კვალი. ჩვენი მხრიდან იყო შეკითხვაზე პასუხი",- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ოხანაშვილი ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ფარცვანიასა და მამუკა მდინარაძის მიმოწერას და ურთიერთშეურაცხყოფას ეხება და აღნიშნა, რომ შეურაცხყოფის თმენის ვალდებულება არავის აქვს.

 

"როცა ვინმე არ იზიარებს შენს პოზიციას და გაკრიტიკებს, ეს არის დემოკრატიული სამყაროსთვის მიღებული ფორმა, ამის პრობლემა არ აქვს არავის, მაგრამ როცა ამ ზღვარს გადადიან და ეს არის შეურაცხყოფა, იქ თმენის ვალდებულება ვინმეს, რომ უბინძურესი პროვოკაცია და შეურაცხყოფა აიტანოს, არ აქვს. აქედან გამომდინარე ყველას კანონით დადგენილი წესით გაეცემა ადეკვატური პასუხი. ვინც გადააბიჯებს კანონის ზღვარს, კანონის შესაბამისად პროპორციულად გაეცემა პასუხი",- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, განცხადება იმის თაობაზე, რომ უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს ქმნის თავდაპირველად "იმედის" ეთერში მამუკა მდინარაძემ გააკეთა. როგორც მან მოგვიანებით მედიასთან განმარტა, ტყუილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის ვინმეს მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრება. მისივე თქმით, მოქალაქეობა პირმა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკარგოს, თუ ოფიციალური ცნობები არსებობს, რომ ეს პირი სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ირიცხება.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ კანონი არ ეხება მოხალისეებს.

"აქ მოხალისეებზე არ არის საუბარი, საუბარია თავდაცვის ძალებში ჩარიცხვაზე. ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ეს არის სამართლებრივი მხარე და პოლიტიკურად, ვინ რა თემას ააქტიურებს, ეს მე არ ვიცი",- განაცხადა კობახიძემ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...