საქართველოს მთავრობა უკრაინაში გასაგზავნად გენერატორებს შეისყიდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობამ გენერატორების უმოკლეს ვადაში შესყიდვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს დაავალა. არც პრესსამსახური და არც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებენ, რამდენი გენერატორი გაიგზავნება უკრაინაში საქართველოდან.
"ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში არასოდეს არ აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს და მაქსიმალურად ცდილობდა დახმარებოდა მათ. ამის დასტურია ის, რომ საქართველო პირველ ადგილზე რჩება იმ ქვეყნებს შორის, ვინც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამ სახელმწიფოს.
26 000 ადამიანი, უკრაინის მოქალაქე, ვინც დღეს ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, იღებს სათანადო მხარდაჭერას ფინანსური კუთხით, ასევე შესაბამის მხარდაჭერას საგანმანათლებლო მიმართულებით და სამედიცინო კუთხით. 2 345 ახალგაზრდა დღეს საქართველოს სხვადასხვა სკოლაში სწავლობს, მათ შორის 1 565 უკრაინულ ენაზე. 900-ზე მეტ ადამიანს გაეწია შესაბამისი მხარდაჭერა რეფერალური პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.
1 დეკემბრის მდგომარეობით, დაახლოებითი მხარდაჭერა, რაც საქართველომ გაუწია უკრაინის მოქალაქეებს, 23 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენი მხარდაჭერა არასოდეს არ შეჩერებულა და გაუგებარია ეს აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეული იქნა სხვადასხვა წინადადებების თითქოს განუხილველობის გამო, რაც სხვადასხვა უწყებაში შევიდა. ჩვენ ყველა ამ წინადადებას ძალიან დეტალურად ვსწავლობთ", - ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე ამ თემაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში.
უკრაინისთვის გენერატორების მიწოდება აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე დაიწყო იერიშების მიტანა. 6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა ბრიფინგზე თქვა, რომ თვეზე მეტია სთხოვენ საქართველოს მთავრობას გენერატორებით დახმარებას, მაგრამ პასუხი ამ საკითხზე არ მიუღიათ.
პარალელურად, საქართველოს მოსახლეობა მოხალისეობრივად ეწევა ფანდრაიზინგს გენერატორების შესაძენად საჭირო თანხის შესაგროვებლად.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.