Jump to content
Planeta.Ge

რამზან კადიროვმა ოკუპირებულ ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში თავისი წარმომადგენელი დანიშნა


ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიებზე თავისი წარმომადგენელი დანიშნა. ის გახდა ჰასან იბრაგიმოვი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმ "ახმატის"მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ამ რაზმის მეთაური უკრაინის უშიშროების სამსახურმა მასობრივ მკვლელობაში დაადანაშაულა.

ამ დანიშვნის შესახებ რამაზ კადიროვმა თავის ტელეგრამის არხში განაცხადა. 2020 წელს იბრაგიმოვმა სწორედ კადიროვის ხელიდან მიიღო ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო - რესპუბლიკის მეთაურის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ორდენი.

მანამდე კადიროვმა სეპარატისტულ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაშიც" დანიშნა თავისი წარმომადგენელი. მისი რჩეული გახდა როსტოველი ბიზნესმენი რამზან მუდაროვი. როგორც კადიროვის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებიდან ირკვევა, მუდაროვი ამ თანამდებობაზე საზოგადოებრივ საწყისებზე იმუშავებს.

  • ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა პირველად ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინასთან საომრად ქმნის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: "ჩრდილოეთი-ახმატი", "სამხრეთი-ახმატი", "დასავლეთი-ახმატი" და "აღმოსავლეთი-ახმატი", რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ. ჩეჩენთა ქვედანაყოფები უკრაინის წინააღმდეგ ომში მანამდეც აქტიურად იყვნენ ჩართული.
  • აპრილში უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთში შექმნილი 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი ქალაქებში ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მონაწილეობდა.
  • ნოემბრის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკთან განადგურებულია ჩეჩენთა ბატალიონ „ახმატის“ 30-ზე მეტი წევრი და 15-მდე დაჭრილია.
  • რამზან კადიროვი, რომელზეც უკრაინამ ძებნა გამოაცხადა, იშვიათად ადასტურებს ცნობებს უკრაინაში დანაკარგების შესახებ. გამონაკლისთა შორის იყო ოქტომბრის ბოლოს გავრცელებული განცხადება, რომ უკრაინაში მოკლულია 23 ჩეჩენი მებრძოლი.

    რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...