დეგნანის თქმით, უკრაინელებისადმი უხვი ჰუმანიტარული დახმარება ცხადყოფს ვის მხარესაა საქართველოს ხალხი
საქართველოს ხალხის უხვი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისადმი ცხადყოფს, თუ ვის მხარეს არიან, ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა მედიის კითხვაზე პასუხად. შეკითხვის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ არ სცემენ პასუხს, ვინ მხარეს არიან რუსეთ-უკრაინის ომში.
„ჩემი აზრით, ნათელია, ვის მხარესაა საქართველოს ხალხი და ეს არის უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა. უკრაინა იბრძვის თავისი სუვერენიტეტისა და თავისი ტერიტორიის თავისუფლებისა და მთლიანობისთვის, იბრძვის არსებობისთვის, ხალხის იდენტობისთვის. ეს ის ყველაფერია, რაც ქართველებმა ძალიან კარგად და ღრმად იციან თავიანთი გამოცდილებიდან, რუსული აგრესიიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთი ცდილობდა თქვენი იდენტობა წაერთმია, თქვენი ტერიტორია და სუვერენიტეტი წაერთმია. როდესაც საქართველოს ხალხი უხვ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ხალხს, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნისთვის და იდენტობისთვის, ვფიქრობ, უკვე ნათელია ,რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 დეკემბერს მედიასთან კომენტარში კითხვაზე, ვის მხარესაა რუსეთ-უკრაინის ომში, უპასუხა: მე ვარ საქართველოს მხარეს.
6 დეკემბერს ბრიფინგზე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასიანოვმა საქართველოს ხელისუფლების მიერ უპასუხოდ დატოვებულ დახმარების თხოვნებზე ისაუბრა. კასიანოვმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობას გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ უკრაინელებისადმი მორალური მხარდაჭერისა და დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, კარგი იქნებოდა უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელები მიენიჭოს თბილისის ქუჩებს.
„ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვებში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსადმი იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენა-არგადარჩენაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, სრულიად იყო გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი, რადგან ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს.
ასევე გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ქართველი ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომელთაც გადაწყვიტეს დაეცვათ ჩვენი ქვეყნები საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან.
ასევე, ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით“, - განაცხადა კასიანოვმა და დაამატა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა. მან თქვა, რომ არა მხოლოდ თანამედროვე, ახალი იარაღი, მოძველებული საბრძოლო მასალაც კი ღირებულია ამ ომში უკრაინისთვის.
კასიანოვის განცხადებას პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა და თქვა, რომ ანდრი კასიანოვმა გაახმოვანა მთავარი მესიჯი - საქართველო უნდა დაფიქსირდეს ომში მხარედ. დანარჩენი, მამუკა მდინარაძის თანახმად, მხოლოდ წვრილმანი და საქართველოს ხელისუფლების დამაზიანებელი მესიჯები იყო.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.