Jump to content
Planeta.Ge

ირანში სიკვილით დასაჯეს ანტისამთავრობო აქციების მონაწილე


ირანში სიკვდილით დასაჯეს აქტივისტი მოჰსენ შეკარი. მასთან ერთად სიკვდილით დასჯა კიდევ 10 მომიტინგეს აქვს მისჯილი შემოდგომაზე მასობრივ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ BBC იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეკარი 8 დეკემბერს დილით ჩამოახრჩვეს. მანამდე ირანის რევოლუციურმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო "ღვთის წინაშე დანაშაულში".

სასამართლოს განმარტებით, ის 25 სექტემბერს საპროტესტო აქციების დროს თეირანში გზის გადაკეტვაში მონაწილეობდა და პროსამთავრობო რაზმის, „ბასიჯის“ წევრი დანით დაჭრა. თავად აქტივისტმა განაცხადა, რომ ის "საჩვენებელ პროცესზე გაასამართლეს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გარეშე".

უფლებადამცველები შიშობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის გარეშე ირანის ხელისუფლება გააგრძელებს საპროტესტო აქციების მონაწილეების სიკვდილით დასჯას.

2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ირანის დედაქალაქ თეირანში ქურთისტანის პროვინციიდან სტუმრად ჩასული ქალი, 22 წლის მაჰსა ჟინა ამინი, "მორალის პოლიციამ" დააკავა და განყოფილებაში წაიყვანა ბრალდებით, რომ თავსაფარი წესის მიხედვით არ ეკეთა. ამინი იქ ცუდად გახდა, კომაში ჩავარდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ირანში ძლიერი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ნოემბერში აქციების ინტენსივობამ იკლო, თუმცა დროდადრო ძლიერდება ადგილებზე დემონსტრანტების მიმართ სასტიკ მოპყრობასა და ახალ მსხვერპლზე საპასუხოდ.

ირანის ხელისუფლებამ გარკვეული დათმობების შესახებ განაცხადა, მათ შორის ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამად ჯაფარ მონთაზერიმ თქვა, რომ ისლამურ რესპუბლიკაში უქმდება „მორალის პოლიცია“, რომელიც სამოსის ისლამური წესით ტარებასაც უწევდა ზედამხედველობას. თუმცა აქციებს ძალის გამოყენებით მაინც ახშობენ. უფლებადამცველების თანახმად, 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 400-ზე მეტი მომიტინგე და რამდენიმე ათეული სამართალდამცველი დაიღუპა. დააკავეს დაახლოებით 18 ათასი ადამიანი. 11-ს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...