ქართული ოცნება უკრაინაში მებრძოლებისთვის მოქალაქეების ჩამორთმევაზე ალაპარაკდა - რას ამბობს კანონი?
"თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს" - თქვა მმართველი პარტიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ხელისუფლების მიერ ლოიალურად განწყობილი TV IMEDI-ს ეთერში უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრებზე საუბრისას. მდინარაძის განცხადებიდან მალევე მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან.
“სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას - ეს კანონით არის განსაზღვრული”, - უთხრა ჟურნალისტებს 8 დეკემბერს რატი იონათამიშვილმა.
პოლიტიკოსების განცხადებებს მალევე გამოეხმაურნენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები, რომლებმაც ეს განცხადებები ხელისუფლების მხრიდან მუქარად და ასევე რუსეთიდან მიღებული დავალების შესრულების მცდელობად აღიქვეს.
“ეგ არის პირდაპირ მუქარა, ჩვენ მაგით ვერ შეგვაშინებს, ეგ არის გამორიცხული და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვინც არ ვიმყოფებით, ვართ მოხალისეები. მოხალისეობის გამო, როგორ ფიქრობს მამუკა მდინარაძე იურისტი, რომ მისი სიტყვების გამო ჩვენ აქ ან საქართველოში ვინმე მოქალაქეობას ჩამოგვართმევს? ასე არ ხდება. ნუ იმუქრება, არ ვართ ჩვენ უკრაინის ტერიტორიაზე ის ხალხი, ვისაც მდინარაძისნაირი ადამიანების მუქარის გვეშინია” - უთხრა "ფორმულას" რომეო ფარულავამ.
“ეს არის დავალება დიდი რუსეთიდან, რომ შეტევა მოიტანოს ჩვენზე, დაშინების სიგნალი არის ეს ფაქტობრივად” - ამბობს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე.
“ბოდვას უფრო ჰგავს, ვიდრე სიმართლეს. პირველად გავიგე ასეთი რამ. 90% საქართველოს ომის ვეტერანები ვართ და არაერთგზის და ვის აქვს უფლება, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვას გმირებს, რომლებსაც მათი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობისთვის აქვთ მიძღვნილი“ - უთხრა "ფორმულას" უკრაინაში მებრძოლმა ვაჟა ცეცაძემ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ცირა ჯანანაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოს კანონში მოქალაქეობის შესახებ მართლაც არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზი შეიძლება გახდეს “საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე მოქალაქის შესვლა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში”. ამავე კანონში არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ “საქართველოს წინაშე სამხედრო ან სხვა ვალდებულების შესრულება” შეიძლება გახდეს საფუძველი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მოთხოვნაზე უარისთვის.
“გვაქვს ასევე კანონი სამხედრო ვალდებულებისა და სამსახურის შესახებ, რომელშიც სამხედრო სამსახური არის განმარტებული, როგორც “სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში.” აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ საკითხი შევაფასოთ და ვთქვათ, ეს ადამიანები დადგებიან თუ არა უკრაინაში ბრძოლის გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფრთხის წინაშე, უნდა ვიცოდეთ ეს ადამიანები უკრაინაში რა საფუძვლით იბრძვიან, კონტრაქტი აქვთ, მოხალისეები არიან თუ რა სტატუსი აქვთ. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ უკრაინის კანონმდებლობაც ამ კუთხით და საერთაშორისო კონვენციებიც, რაც ომის პერიოდში სხვა მოქალაქეების უცხოურ ლეგიონებში გაწევრიანების საკითხებს აწესრიგებს” - უთხრა ცირა ჯანანაშვილმა რადიო თავისუფლებას. მისი განმარტებით, კანონში ჩანაწერი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში ხელისუფლებამ შეიძლება გამოიყენოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლად, მაგრამ ამ საკითხზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც საომარი მდგომარეობა, რომელსაც კანონი არ ითვალისწინებს, ასევე რიგი ფაქტობრივი გარემოებები.
“მე არ ვიცი და არამგონია ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის რეჟიმი, რომ რეალურად ჩამოართვას მოქალაქეობა ადამიანებს, ვინც მაგალითს აძლევენ ყველას, საკუთარი რწმენის, საქართველოს ინტერესებისა და თავისუფლების დასაცავად სიცოცხლის რისკზე წასვლით, მაგრამ თავისთავად ისიც კი, რომ ამაზე დისკუსია არსებობს და რომ ამ რეჟიმის ერთ-ერთი სპიკერი, პოლიტიკური არარაობა, ამ თემაზე პროაქტიულად საუბრობს, ეს უკვე განაჩენია იმ მრავალ განაჩენთან ერთად, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენ ქვეყანას გამოუტანა იმ სირცხვილით და ღალატით, რისი მოწმეებიც ვართ, შეიძლება ითქვას უკვე წლებია, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო თვეებია, რაც უკრაინაში აქტიური ფაზა დაიწყო ბოროტების იმპერიის კამპანიისა” - ასე აფასებს მმართველი პარტიის წევრების განცხადებებს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია.
უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფონია სახელისუფლებო მედია POST TV-ს მიერ 7 დეკემბერს გამოქვეყნებული მიმოწერა, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ უკრაინაში ქართულ ლეგიონში გაწევრიანების მსურველები ანაზღაურებას იღებენ.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.