12 დეკემბერს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას
12 დეკემბერს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფორმატში განაგრძობენ მუშაობას.
ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ანუ „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ ჩართული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდებიან.
მინისტერიალს თავმჯდომარეობას, ტრადიციულად, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი გაუწევს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც. დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ მათ შორის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას, ევროპის საინვესტიციო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსაც.
დისკუსიის მიზანი იქნება, განსაზღვროს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი, ისევე, როგორც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გავლენები და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები.
დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაცვალონ მოსაზრებები, როგორ შეიძლება, „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ უზრუნველყოს სტაბილურობის გაძლიერება და რეგიონში კეთილდღეობა.
მინისტრები განიხილავენ, რომელია საუკეთესო გზა პარტნიორობის მედეგობის მხარდასაჭერად, როგორ უნდა დაუახლოვდნენ უფრო მეტად ერთმანეთს ევროკავშირი და მისი აღმოსავლეთ პარტნიორები და მთლიანად რეგიონში როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობისა და რეფორმების პროგრესი. მონაწილეები ასევე განიხილავენ, როგორ დააჩქარონ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დანერგვა, რომელიც არის ერთ-ერთი უპირველესი იარაღი მწვანე და ციფრული ცვლილებების, ისევე, როგორც რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენისთვის.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტრებთან შეხვედრა ევროკავშირის მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი თემაა. მინისტრები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ უკრაინაში არსებულ ვითარებასა და ირანზე. ასევე, ინფორმაციას მიიღებენ მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე, სამხრეთ სამეზობლოზე და ტუნისზე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.