კვლევის თანახმად, პანდემიის შემდეგ გამოკითხულ ხანდაზმულთა 31.1% განსაკუთრებით იზოლირებული გახდა და არასდროს, ან თითქმის არასდროს ხვდება მეგობრებს და ახლობლებს
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, ხანდაზმულთა 4.7% ერთჯერადად, 10 წუთის ხანგრძლივობით, ვერც ერთ დღეს ვერ ახერხებს ფეხით სიარულს, ან სხვა ზომიერი ფიზიკური აქტივობის შესრულებას.
მათივე ცნობით, პანდემიის პერიოდში სოციალური კონტაქტების სიხშირე მკვეთრად შემცირებულია - თითქმის მესამედი (31.1%) განსაკუთრებით იზოლირებული გახდა და არასდროს ან თითქმის არასდროს ხვდება მეგობრებს/ახლობლებს.
„კვლევაში მონაწილე ხანდაზმულთა დიდი ნაწილი ფიზიკურ აქტივობებს ყოველდღიურად ახორციელებს (42.5%), მეხუთედზე მეტი კი კვირაში ორი (10.8%), ან სამი დღე (11%). როგორც ჩანს, გამოკითხულთა 4.7% ერთჯერადად, 10 წუთის ხანგრძლივობით, ვერც ერთ დღეს ვერ ახერხებს ფეხით სიარულს, ან სხვა ზომიერი ფიზიკური აქტივობის შესრულებას. გამოკითხვაში მონაწილე ხანდაზმულთა დიდი ნაწილი ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგულარულად დადიოდა ფეხით (46.4%); მეოთხედი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა (25.3%), ხოლო მეხუთედზე მეტი - მანქანით/ძრავიანი ტრანსპორტით (22.9%). 12% აღმოჩნდა, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ხოლო 4.6%-მა მიუთითა, რომ გადაადგილების ჩამოთვლილ ფორმებს არ იყენებდა. თუკი გამოკითხულთა დაახლოებით, მეხუთედი პანდემიამდელ სიტუაციაში მეგობრებს/ახლობლებს ყოველდღე, თითქმის ამდენივე კვირაში 2-4-ჯერ, ან დაახლოებით, კვირაში ერთხელ ხვდებოდა, პანდემიის პერიოდში სოციალური კონტაქტების სიხშირე მკვეთრად შემცირებულია - თითქმის მესამედი (31.1%) განსაკუთრებით იზოლირებული გახდა და არასდროს ან თითქმის არასდროს ხვდება მეგობრებს/ახლობლებს, ხოლო მეხუთედზე მეტი მიუთითებს, რომ ამას მხოლოდ რამდენიმე თვეში ერთხელ ახერხებს. პანდემიის პერიოდში ყოველდღიურ სოციალურ ურთიერთობებში მხოლოდ დაახლოებით, 6% ერთვებოდა, ხოლო კვირაში 2-4-ჯერ - 8%-მდე. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ ზედა ასაკობრივ ჯგუფში, სხვებთან შედარებით, იმ ხანდაზმულთა წილი უფრო გაზრდილია, ვინც პანდემიამდელ მდგომარეობაში მეგობრებს/ახლობლებს არასდროს, ან თითქმის არასდროს ხვდებოდა: 65-70 წლის - 6.8%, 71-75 წლის - 6.3%, 76-80 წლის - 9.5%, 76-80 წლის - 12.6%,”-აღნიშნულია კვლევაში.
ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობას (61.5%) სახლში ინტერნეტზე რეგულარული წვდომა არ აქვს, 37.7%-ს კი აქვს.
„იშვიათია კომპიუტერისა თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გამოიყენებენ სატელევიზიო პროგრამების ან ფილმების ყურების მიზნით. ჯამურად თითქმის 30%-ია იმ რესპონდენტთა წილი, ვისაც ელექტრონული მოწყობილობა/კომპიუტერი არ აქვს (14.5%) ან ელექტრონული მოწყობილობების/კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევებს არ ფლობს (13%). იმ ხანდაზმულთა შორის კი, ვისაც სახლში ელექტრონული მოწყობილობა აქვს და მისი გამოყენებაც შეუძლია (ასეთია დაახლოებით, 70%), უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მსგავს აქტივობას საერთოდ არ უთმობს დროს (0 საათი - 59.4%). კვლევაში მონაწილე პირთა ჯამურად 21.2%-მა მიუთითა, რომ, ჩვეულებრივ, დღეში 1-3 საათით იყენებს კომპიუტერს ან სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს, ხოლო 8.3% დღეში 4-7 საათს უთმობს. გამოკითხულთა 4.6%-ს ტელეფონზე ან სხვა დასარეკ აპარატზე წვდომა არ აქვს. იმ რესპონდენტთა შორის კი, ვისაც სატელეფონო ან ვიდეო ზარისთვის საჭირო მოწყობილობა გააჩნია (ასეთია 95.4%), მესამედი (33.6%) ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან სასაუბროდ და/ან სოციალური ურთიერთობებისთვის კვირის განმავლობაში 1-5 ზარს ახორციელებს, მეხუთედი კი - 6-10 ზარს (20.8%). გამოკითხულთა 15.9% ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს სატელეფონო ან ვიდეო ზარით კვირის განმავლობაში 11-20-ჯერ ეკონტაქტება. რაც უფრო მზარდია განხორციელებული ზარების რაოდენობა, მით მცირდება რესპონდენტთა წილი”,-აღნიშნულია კვლევაში.
ცნობისთვის, კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 65-85 ასაკის 1000-მა რესპონდენტმა. მათი მეოთხედი თბილისის მცხოვრებია, თითქმის 40% სხვა ურბანულ დასახლებაში ცხოვრობს, ხოლო 35% - სასოფლო ტიპის დასახლებაში. რესპონდენტები სქესობრივი ნიშნით თანაბრად არიან გადანაწილებულნი: ქალი - 50%, კაცი - 50%. კვლევა ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ბიოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბიომეცნიერებათა განყოფილების მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.