გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი აქვეყნებს ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი მოსაზრების პროექტს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტებთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტების შესწავლის თხოვნით საერთაშორისო ინსტიტუტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2022 წლის 10 ოქტომბერს მიმართა წერილობით. საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის ფორმა და შინაარსი მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესისთვის, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ბედს გადაწყვეტს.
საქართველოს პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, დასკვნაში დადებითად არის შეფასებული რამდენიმე ცვლილება, კერძოდ:
- შემცირებული ბინადრობის ცენზის მოთხოვნა ადგილობრივი არჩევნების კანდიდატებისათვის;
- ზომები ქვედა დონის საარჩევნო ორგანოების წევრებისა და მოქალაქეებზე დამკვირვებლების დამოუკიდებლობის გასაზრდელად;
- დამატებითი საფუძველი საარჩევნო ხმების ავტომატური გადათვლის მოსათხოვნად და უკეთ მორგებული ვადები საარჩევნო დავების მოგვარების პროცესში;
"მიუხედავად ამ დადებითად ხაზგასასმელი ნაბიჯებისა, ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება იწვევს შეშფოთებას", - აღნიშნულია დოკუმენტში.
აქვეა ჩამოთვლილი საარჩევნო საკითხები, რომლებიც ჯერჯერობით არაა შესული ცვლილებების პროექტში:
- საარჩევნო ოლქების დელიმიტაცია;
- შემზღუდავი ბინადრობის ცენზის მოთხოვნები საპრეზიდენტო და საპარლამენტო კანდიდატებისათვის და სხვა არასათანადო კრიტერიუმები ამომრჩეველთა და კანდიდატთა დაშვებადობაზე;
- დამატებითი ასპექტები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიმართულებით;
- დებულებები ოფიციალური თანამდებობის ბოროტად გამოყენების თაობაზე საარჩევნო კამპანიების მიზნებისათვის;
- მაღალი ზღვარი საარჩევნო შემოწირულებებისათვის, რაც გავლენას ახდენს თანასწორი საარჩევნო გარემოს არსებობაზე;
- მედიაკამპანიების რეგულირების შემდგომი დახვეწა;
- ჩარჩოს გაძლიერება საარჩევნო დავების მოსაგვარებლად ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმის უზრუნველსაყოფად;
- ხმების გადათვლისა და გაუქმების მექანიზმები;
- ამომრჩეველთა დაშინების პრევენციისათვის მიმართული ზომები.
შესაბამისად, ვენეციის კომისია და ODIHR იმეორებენ თავიანთ რეკომენდაციას, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ფართო, სისტემური გადახედვა განხორციელდეს არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე ინკლუზიური კონსულტაციების პროცესზე დაყრდნობით.
საკანონმდებლო ცვლილებების შეფასების დოკუმენტი მოიცავს ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის:
- საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის არსებითად ღია, კონკურენტული და მიღწევებზე დაფუძნებული პროცესი, რომელიც ასახავს კანონმდებლობაში მოცემულ ძირითად პრინცებსა და გარანტიებს;
- პარტიის მიერ დანიშნული წევრებისთვის სტანდარტიზებული ტრენინგ-სერტიფიცირების მოთხოვნების გაფართოება და სერტიფიკატების ვადის გასვლის დადგენა იმისთვის, რომ შერჩეულ კანდიდატებს ჰქონდეთ უახლესი ინფორმაციის შესახებ ტრენინგები;
- სამართლებრივი კრიტერიუმებს განმარტება იმაზე, თუ რომელ საარჩევნო უბნებზე იქნება გამოყენებული ელექტრონული საშუალებები;
- სულ ცოტა გარდამავალი პერიოდისთვის მაინც, ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობის შენარჩუნება იმ უბნებისთვის, სადაც გამოყენებული იქნება ელექტრონული საშუალებები, როგორც რეგულარული უბნები ან სულ ცოტა, მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობა ამ უბნებისთვის. დროულად მოხდეს ამომრჩევლების ინფორმირება, თუ ხდება უბნების შერწყმა ან ამომრჩევლების გადაწერა ახალ საარჩევნო ლოკაციებზე;
- კენჭისყრის ახალი ტექნოლოგიებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებისთვის, კონვენციური საშუალებების (ისეთის, როგორიც არის საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის გამოყენება და იმ ამომრჩევლის მარკირება, რომელმაც ბიულეტენი გამოიყენა) შენარჩუნების უზრუნველყოფა იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც გამოიყენება ელექტრონული საშუალებები, და კანონში მკაფიოდ მითითება, რომ ელექტრონულ და ხელით დათვლას შორის განსხვავებების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ხელით დათვლას. მკაფიოდ განმარტება, რომ ტერმინი “ელექტრონული კენჭისყრა და დათვლა”, რომელიც კანონპროექტშია გამოყენებული, ეხება იმ სპეციალურ ქაღალდის ბიულეტენებს, რომლებიც სკანირდება და ითვლება ელექტრონულად და არა ელექტრონული კენჭისყრის მანქანების გამოყენებას;
- ყველა რელევანტური უწყების ძალისხმევის კონსოლიდირება შეზღუდული გადაადგილების მქონე ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ადგილების ადაპტირების მიმართულებით, და უზრუნველყოფა, რომ ადაპტირებული საარჩევნო შენობები ახლოს არის იმ ადგილებთან, რომლებიც ჯერ არ არის ადაპტირებული;
- განხილულ იქნეს შეზღუდვების გაფართოება სულ ცოტა ბოლო ორი არჩევნებისთვის პარტიასთან აფილირებულ დამკვირვებლებზე;
- უფრო სრულყოფილი და სისტემატური რეგულაციის შემოღება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის წინა ერთობლივ მოსაზრებებში გამოთქმული რეკომენდაციების შესაბამისად;
- საარჩევნო კოდექსის 77(2) მუხლის ქვეშ საჩივრებისა და აპელაციების წარდგენისა და განხილვის ვადების მეტად გაფართოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
დოკუმენტის შემფასებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პარლამენტში ამ ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს სამმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოუცხადა ბოიკოტი საწყის ეტაპზევე, თუმცა, ამ პარტიებმა მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საკანონმდებლო ცვლილებებზე გამართულ დისკუსიებში. დადებითად არის ასევე შეფასებული ის, რომ ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა კოლეგებს წარუდგინეს ალტერნატიული კანონპროექტი.
დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ "სამართლიანი არჩევნების" გამორიცხვა პროცესიდან, როგორც "მიკერძოებული ორგანიზაციის", "ზღუდავს საარჩევნო რეფორმის პროცესის ინკლუზიურობას და იწვევს შეშფოთებას ევროკომისიის მეათე პრიორიტეტის გათვალისწინებითაც, „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველა დონეზე.“
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.