ანდჟეი დუდა - სალომე ზურაბიშვილს გადავუხადე მადლობა პოზიციის გამო, რომელსაც აფიქსირებს რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე რუსული აგრესიის მსხვერპლნი არიან
ჩემი დიდი მოწიწება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარეობს და ისტორიულად და გეოგრაფიულად ხვდება თუ რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია არამარტო უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის, - ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ევროპული უსაფრთხოება დგას საფრთხის ქვეშ.
„ჩემთვის უდიდესი პატივია ქალბატონ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვუმასპინძლო ამ რთულ პერიოდში, ამ რთულ დროს, როდესაც რუსული აგრესია მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენი უსაფრთხოება არის საფრთხის ქვეშ. ჩვენი საერთო, ევროპული უსაფრთხოება დგას საფრთხის ქვეშ.
აღსანიშნავია, ჩვენი ტრადიციული ურთიერთობა პოლონეთსა და საქართველოს შორის, ჩვენი მეგობრული ურთიერთობა.
ქალბატონ პრეზიდენტს გადავუხადე უდიდესი მადლობა მისი პოზიციის გამო, პოზიციის, რომელსაც ქალბატონი პრეზიდენტი ამჟღავნებს და აფიქსირებს მიმდინარე მოვლენებთან, რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პოზიციის დაფიქსირება. ჩემი დიდი მოწიწება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარეობს და ისტორიულად და გეოგრაფიულად ხვდება თუ რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია არამარტო უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის. მე მადლობელი ვარ ქალბატონი პრეზიდენტის მისი პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო, რაც მან არაერთხელ გააკეთა. პოლონური საზოგადოება და პოლონელები ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს.
გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას 2008 წელს. ჩვენმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, 2008 წელს, როდესაც საქართველოში ჩავიდა, ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება მაშინ ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველური იყო - „დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და შემდეგ პოლონეთის რიგიც დადგება, ალბათ ამ აგრესიულ ისტორიაში“ და პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ მაშინ განაცხადა, რომ თუ ჩვენ არ გავაჩერებთ რუსეთს, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მოიცავს.
მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, რომელიც ასევე მონაწილეობას იღებს როგორც საქართველოს მხარე უკრაინისთვის დახმარების საკითხში“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.