Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტი - 10 თევა რაც რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა ნამდვილი სახე - უკრაინელებმა აჩვენეს, რას ნიშნავს ქვეყნის დაცვა, თავისუფლების დაცვა, არამხოლოდ საკუთარი, არამედ მთლიანად ევროპის და ჩვენი, საქართველოსი


რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, ისევ გამოავლინა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე და 10 თვეა, რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის მიმართ, უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ - ყველა ჩემი პოზიცია, რაც დავაფიქსირე არის არა ჩემი, როგორც პირადი პოზიცია, არამედ არის მთლიანად საქართველოს მოსახლეობის პოზიცია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან პოლონეთში ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, უკრაინამ აჩვენა ერთიანობა და ის, თუ რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა.

„ბატონო პრეზიდენტო, მადლობელი ვარ მიღებისთვის, მადლობელი ვარ იმისათვის, რომ შეხვედრის საშუალება ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა.

აქ ვიზიტით ვიყავით 2019 წელს, ამის შემდეგ თქვენ იმყოფებოდით ჩვენ ღონისძიებაზე 2021 წელს და ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ თქვენი ოფიციალური ვიზიტი შედგება საქართველოში ახლო მომავალში.

ჩვენთვის დღევანდელი დღე მართლაც ურთულესი პერიოდია, არამხოლოდ ჩვენთვის, პოლონეთისთვის, მთლიანად ევროპისთვის - ვიტყოდი მსოფლიოსთვის.

10 თევა, რაც რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, ისევ გამოავლინა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე და 10 თვეა, რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის მიმართ, უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ამ 10 თვის მანძილზე უკრაინელმა ხალხმა, მებრძოლებმა, სამხედრო პირებმა, მაგრამ არამხოლოდ - მთელმა საზოგადოებამ აჩვენა თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის დაცვა, აჩვენა რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა და არამხოლოდ საკუთარი თავისუფლების, არამედ მთლიანად ევროპის და ჩვენი, საქართველოსი, როგორც ამ სივრცის ნაწილი - თავისუფლების დაცვა.

[გვაჩვენა]რას ნიშნავს ის, როდესაც მთელი საზოგადოება არის გაერთიანებული და მე ამას ვამბობ არამხოლოდ ზოგადად, ამას ვამბობ ასევე საქართველოსთვის, რომ უკრაინის მაგალითი არის - როცა ერთიანია ქვეყანა, პოლარიზაცია გვერდზე არის გადადებული და ყველაფერი ის, რაც ერთმანეთს გვაპირისპირებს ქვეყანა მაშინ არის ძლიერი და შეიძლება ყველაფერს გაუძლოს, და მართლაც, ყველაფერს უძლებს.

ამ წუთებშიც ძალიან ძლიერი იერიში არის უკრაინის წინააღმდეგ ზაპოროჟიეში და სხვა ადგილებში, მაგრამ უკრაინა ამასაც გაუძლებს. გაუძლებს თუნდაც იმ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას. უკრაინა ერთიანია იმიტომ, რომ იცის, იბრძვის თავისი ქვეყნისთვის და სამართლისთვის.

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს იმ კომპლიმენტებისთვის, რაც ჩემ მიმართ თქვა, მაგრამ მე აქ წარმოვადგენ და ყველა ჩემი პოზიცია, რაც დავაფიქსირე არის არა ჩემი, როგორც პირადი პოზიცია, არამედ არის მთლიანად საქართველოს მოსახლეობის პოზიცია“, - განახადა სალომე ზურაბიშვილი.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...