Jump to content
Planeta.Ge

რატი ბრეგაძე - სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება სრულად იყოს რეალიზებული - არ არის მართებული, მორალური და ეთიკური, როცა ცდილობენ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ მისი მდგომარეობა


საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სრული რეალიზებისთვის სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს.

როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, სააკაშვილი კინიკა „ვივამედში“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც იცით, უმჯობესია, ექიმებმა ისაუბრონ.

ჩემი მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება სრულად რეალიზებული იყოს, ის სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იღებდა შესაბამის და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, როგორც უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე ნომერ მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში. როგორც მოგეხსენებათ, ის იმყოფებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მას დანიშნული ჰქონდა მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა, საკუთარი გადაწყვეტილებით, ის ამ მკურნალობას სრულფასოვნად არ იტარებდა, იმისთვის, რომ შემდეგი გართულებების რისკი გამორიცხულიყო, ის გადაყვანილი იყო კლინიკა „ვივამედში“ და ის იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს, როგორც ამ კონკრეტული მსჯავრდებულისთვის, ასევე, ყველა სხვა იმ პირისთვის, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება, ასე გაგრძელდება შემდეგშიც“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე განმარტებით, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

„ზოგადად, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, ეს პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენოს. ჩვენ ასევე, ვიხილეთ ადვოკატის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ დასკვნა კონფიდენციალური იქნებოდა, რომელიც სასამართლოს წარედგინებოდა და არავის ექნებოდა მასზე წვდომა. თუმცა, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც „ყოვლისმცოდნეები“ არიან და საუბრობენ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საკუთარ შეფასებებს აკეთებენ, რაც რა თქმა უნდა, მართებული არ არის და არც ბოლომდე მორალური და ეთიკური, როცა ეს ადამიანები ცდილობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად იყო აქამდე გამოხატული ინტერესი რაც შეეხება უშალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცულობას. ამის კონკრეტული მაგალითია, როცა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, იმის ნაცვლად, მოეწოდებინათ შიმშილობის შეწყვეტისკენ, გარკვეულ ტელეარხებზე პირდაპირ მოუწოდებდნენ იმას, რომ შიმშილობის შეწყვეტა პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასი იქნებოდა და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა და ცდილობდნენ, რომ ეს გმირულ საქციელთან გაეიგივებინათ, რაც ყოვლად მიუღებელი იყო. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოშიმშილე ადამიანს არ მოუწოდებს შიმშილობის შეწყვეტისაკენ, მორალთან ძალიან მწყრალად არის და ნამდვილად მეპარება ეჭვი იმაში, ადამიანი, რომელიც მოშიმშილეს პირიქით ეუბნება, რომ შიმშილობა გააგრძელოს, ის გულწრფელად იყოს დაინტერესებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ სურდეს. რა თქმა უნდა, პოლიტიკაშიც არსებობს მორალი, არსებობს წითელი ხაზები და ეს ყველამ უნდა დაიცვას, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ნაბიჯები მაინც იდგმება და ირღვევა ეს წითელი ხაზები, ადამიანური და მორალური“, - განაცხადა ბრეგაძემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...