ბრიტანეთის დაზვერვა: საგრძნობლად შემცირდა რუსეთის ტაქტიკური ავიაციის ფრენები უკრაინის ცაში
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ.
ანგარიშის თანახმად, უკანასკნელი თვეების განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა რუსეთის ტაქტიკური ავიაციის ფრენები უკრაინის ცაში. მარტში დღეში 300 გაფრენა ფიქსირდებოდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი რამდენიმე ათეულით შემოიფარგლება.
დღეისთვის რუსეთს შესაძლოა დაკარგული ჰქონდეს 60-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის არის გასული კვირის დანაკარგი - გამანადგურებელი-ბომბდამშენი Su-24M და მოიერიშე Su-25.
სავარაუდოდ, თვითმფრინავები უფრო იშვიათად დაფრინავენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხრიდან გაზრდილი საფრთხის, ამინდის გაუარესებისა და საფრენი დროის შეზღუდვების გამო.
ვინაიდან სახმელეთო იერიშებში რუსეთის ტაქტიკა ძირითადად ემყარება ვიზუალურ ამოცნობას და უმართავ ჭურვებს, ამ იერიშების დონე დაბალი იქნება ზამთრის ცუდი ამინდების პირობებში, შენიშნავს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ ანგარიშში.
რადიო თავისუფლება